¹ას-964-1243-09 30 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. კ-ევი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ტ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ტ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ევის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ნ. კ-ევას სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის _ ყოველთვიურად 20 ლარის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილი _ ნ. კ-ევა. ისინი განქორწინდნენ და სასამართლოს 2002 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ა.კ-ევს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა. ამჟამად მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ბავშვის მოთხოვნილებების მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს.
მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განმარტა, რომ არის უმუშევარი, არჩენს ხნიერ მშობლებს, რის გამოც შესაძლებლობა აქვს ყოველთვიურად გადაიხადოს მხოლოდ 50 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. კ-ევს დაეკისრა 1998 წლის 1 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ნ. კ-ევას სასარგებლოდ ამავე სასამართლოს 2002 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ყოველთვიურად 80 ლარით გაზრდილი ოდენობით გადახდა და ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა თვეში 100 ლარით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 13 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. კ-ევმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ევის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა.კ-ევი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან არის უმუშევარი, ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომელთა დახმარებითაც აქამდე ყოველთვიურად იხდიდა 2002 წლის 4 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ 20 ლარს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აპელანტის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა დარჩეს უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 960 ლარი, რაც ამავე კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ სააპელაციო საჩივრის საგნის ზღვრულ ღირებულებაზე _ 1000 ლარზე ნაკლებია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. კ-ევმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისათვის ალიმენტის 10 ლარამდე გაზრდის თაობაზე აშკარად უკანონო იყო და მოუსპო მას აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, როდესაც მიიჩნია, რომ ალ.კ-ევის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 960 ლარია წარმოადგენდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტის ოდენობაა არა 960, არამედ 1200 ლარი. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ევს დაეკისრა დამატებით 80 ლარის გადახდა, მაგრამ მანამდე, ამავე სასამართლოს 2002 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ა. კ-ევი ალიმენტის სახით მოსარჩელეს უკვე უხდიდა ყოველთვიურად 20 ლარს მათი საერთო შვილის სარჩენად, ამდენად, მთლიანობაში გადასახდელმა თანხამ შეადგინა ყოველთვიურად 100 ლარი, რაც ერთი წლის ანგარიშში 1200 ლარია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად განსახილველი საქმე უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, ვინაიდან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება მიეცა, უმუშევარ პირს ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა 20 ლარიდან 100 ლარამდე გაუზარდოს და აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე მხარეს უარი ეთქვას კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 1000 ლარზე ნაკლებად არასწორად მიჩნევის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო ინსტანციაში სააპელაციო საჩივრის განსახილველად აუცილებელია, რომ მისი საგნის ღირებულება იყოს 1000 ლარზე მეტი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის მოსაზრება, რომ ა.კ-ევის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1200 ლარს შეადგენს, ვინაიდან მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ევს არასრულწლოვანი შვილის _ ნ. კ-ევას სარჩენად ალიმენტის _ ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა უკვე დაკისრებული ჰქონდა, რაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს, ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კი მითითებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა 100 ლარამდე, ამდენად, სააპელაციო საჩივრით მხარე ასაჩივრებს ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის 80 ლარით გაზრდას, რაც ერთი წლის განმავლობაში 960 ლარს შეადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ ა.კ-ევის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით განსაზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. მოცემული საქმის მასალებით ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს მისი საგნის ღირებულების განსაზღვრის კუთხით. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს კანონის იმპერატიული ნორმა, რაც არანაირ სამართლებრივ გაურკვევლობას არ წარმოშობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. კ-ევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.