Facebook Twitter

¹ას-965-1244-09 12 ნოემბერი ,2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ჯ. ჯ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოგანჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 30 სექტემბერს ჯ. ჯ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ბ. ს-ძისაგან სესხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ბ. ს-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხის 58450 ლარის, მიყენებული ზიანის სახით 12180 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2118,9 ლარის, ანუ ჯამში 72758,9 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბ. ს-ძის და მისი წარმომადგენლის ვ. ლ-იას მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის კერძოდ: სახელმწიფო ბაჟის 2910,356 ლარის გადასახდელად განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული 2009 წლის 27 ივლისს ქუთაისის სააპელაცო სასამართლოში შემოვიდა აპელანტ ბ. ს-ძის წარმომადგენლის ვ. ლ-იას განცხადება, თანდართული სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით. განცხადებით აპელანტის წარმომადგენელი ვ. ლ-ია შუამდგომლობდა დარჩენილი ბაჟის გადახდისათვის ხარვეზის ვადის გაგრძელებას.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს-ძეზე გადასაცემად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა ამ უკანასკნელის მამას – თ. ს-ძეს 2009 წლის 11 ივლისს, ხოლო ბ. ს-ძის წარმომადგენელს ვ. ლ-იას 2009 წლის 13 ივლისს. აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 18 ივლისამდე, ხოლო მის წარმომადგენელს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, და ასევე საქართველოს ფოსტის ფილიალის „ბათუმის ფოსტის“ კონვერტით ირკვევა, რომ ბ. ს-ძის წარმომადგენელმა ვ. ლ-იამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 27 ივლისს შემოსული განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის ქვითარი „საქართველოს ფოსტაში“ შეიტანა 2009 წლის 22 ივლისს. აპელანტის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინა 02 (ორი) დღის ვადადარღვევით.

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს-ძემ

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მისმა მარწმუნებელმა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა უსახსრობის გამო შეძლო მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მის მიერ გადახდილი იქნა სახ. ბაჟი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს გააჩნდა ყველა საფუძველი იმისათვის, რომ გამოეყენებინა მისი უფლებამოსილება და თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა 10.07.2009 წ. განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მან არ გაითვალისწინა მისი ფინანსური მდგომარეობა, ასევე არ გაითვალისწინა შემდგომში მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მართალია, საქმეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, მაგრამ სასკ-ის 13-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, უზრუნველყო განჩინების ასლის მისთვის ჩაბარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუკეთებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ. ს-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით ბ. ს-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა-07 (შვიდი) დღე ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2009 წლის 27 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა აპელანტ ბ. ს-ძის წარმომადგენლის ვ. ლ-იას განცხადება, თანდართული სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით. განცხადებით აპელანტის წარმომადგენელი ვ. ლ-ია შუამდგომლობდა დარჩენილი ბაჟის გადახდისათვის ხარვეზის ვადის გაგრძელებას.

მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ბ. ს-ძის განცხადება დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, ბ. ს-ძის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სოციალური მდგომარეობის გამო საპატიოდ უნდა ჩაითვალოს მისი წარმომადგენლის ვ. ლ-იას მიერ სააპელაციო სასამართლოში ორი დღის დაგვიანებით ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების ჩაბარება, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ვალდებული იყო უზრუნველეყო განჩინების ასლის მისთვის ჩაბარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუკეთებია. საქმის მასალებით ირკვევა რომ განჩინება ჩაბარდა ბ. ს-ძის მამას, თ. ს-ძეს რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ჩაითვალა ადრესატისათვის ჩაბარებად და სწორედ ამ თარიღიდან აითვლებოდა გასაჩივრების ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 აგვისტოს განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.