საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №642აპ-17 ქ. თბილისი
ფ-ი კ., 642აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის განაჩენით კ. ე-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 23 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (მარილი) შემცველი ფხვნილი უნდა განადგურდეს, ხოლო 2 CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენით მსჯავრდებულ კ. ე-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: კ. ე-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 855,94 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი‘‘, რაც 2015 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა კ. ე-ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ. ე-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 23 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (მარილი) შემცველი ფხვნილი უნდა განადგურდეს, ხოლო 2 CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
კ. ე-ს ფულადი თანხა - 581 აშშ დოლარი, 132 ბრაზილიური რეალი, 1 5-დირჰამიანი კუპიურა და 3 რკინის მონეტა, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, უნდა დაუბრუნდეს კ. ე-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული 2 სიმბარათით უნდა დაუბრუნდეს კ. ე-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება კ. ე-ს პირადი დათვალიერებისა და მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა მსჯავრდებულის პირადი დათვალიერება და ვინ მონაწილეობდა.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტის‘‘ მთავარი ოფიცრის, მოწმე თ. ზ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 23 აგვისტოს, გამთენიისას, ეჭვის საფუძველზე გადასცა ინფორმაცია მის თანამშრომლებს, რომ მოეხდინათ …..-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოსული მგზავრების დათვალიერება. კ. ე-ა და ბრაზილიის მეორე მოქალაქე გააჩერეს გასასვლელ კარში. კ. ე-ს ხელბარგისა და მისი პირადი დათვალიერება მოახდინა მებაჟე თ. გ-მ, რომლისგანაც რაციის საშუალებით შეიტყო აღმოჩენილი ნივთიერება „კოკაინის“ შესახებ. მის მიერ ინფორმაციის გადაცემიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც უკვე დამთავრებული იყო ხელბარგისა და პირადი დათვალიერება. ამოღებული ნივთიერება დალუქული იყო. იქვე იყვნენ მებაჟეებიც, თარჯიმანიც და პოლიციელებიც. თავად შემოწმებაში მონაწილეობა არ მიუღია და პირადად ბრალდებულთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, თარჯიმანი იყო მამაკაცი, რომელიც ესწრებოდა დათვალიერებას. თარჯიმნის მისვლას ის ვერ დაინახავდა. როდესაც თარჯიმანი მამაკაცია, ხოლო შესამოწმებელი პირი ქალი, თარჯიმანი ვიზუალურ დათვალიერებას არ ესწრება, ის გაუმჭვირვალე ფარდით არის გამოყოფილი, რომლის მეორე მხარეს დგანან შესამოწმებელი პირი და მებაჟე-ოფიცერი. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად ჩატარდა დათვალიერება. ორივე ბრაზილიელი მოქალაქის პირადი დათვალიერება მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, გამყოფი ფარდის მეშვეობით.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ. გ-მ დაადასტურა მის მიერ კ. ე-ს ხელბარგისა და მისი პირადი დათვალიერების, ასევე, ამ პროცედურებში თარჯიმნის მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედის საზღვრის დაცვის მიზნით მგზავრების კონტროლი, რათა არ მოხდეს აკრძალული და არადეკლარირებული საქონლის საქართველოში შემოტანა. ბრალდებული კ. ე-ა აეროპორტში შემოვიდა 5-საათიანი ….. რეისით. პასპორტის შემოწმებისას გაირკვა, რომ აღებული ჰქონდა 2 თვის წინ, სხვა ქვეყანაში საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებოდა, ხოლო საქართველოში შემოსული იყო ივლისში და ახლა შემოდიოდა აგვისტოში. დროის ასეთ მცირე ინტერვალში საქართველოში შემოსვლის ფაქტი იძლეოდა ეჭვის რეალურ საფუძველს. ამის გამო დაათვალიერა მისი ხელბარგი, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. ამის შემდეგ შეიყვანა ცალკე გამოყოფილ ოთახში პირადი დათვალიერების მიზნით, რა დროსაც კ. ე-მ თავად გაიხადა ორად გაკერილი ე.წ. ,,ბანდაჟი“, რაშიც ჩალაგებული ჰქონდა პოლიეთილენით ,,გადასკოჩილი“ ნივთიერება - ,,კოკაინი“. მოწმის განმარტებით, პირადი დათვალიერების მიმდინარეობას ფარდით გამოყოფილ ოთახში თარგმნიდა მამრობითი სქესის თარჯიმანი. მას ხმა ესმოდა, მაგრამ ქალბატონს ვერ ხედავდა. მისი თანამშრომელი თ. მ-ა ამავე დროს ატარებდა ბრაზილიის მეორე მოქალაქის - ქალბატონის - დათვალიერებას, რომელთანაც საუბარში ასევე მონაწილეობდა იგივე თარჯიმანი, რომლისგანაც ასევე ფარდით იყვნენ გამოყოფილი. მოწმემ მიუთითა, რომ კ. ე-სგან ამოღებული ნივთიერება შეამოწმეს სპეციალური ხელსაწყოთი, აწონეს და დალუქეს. შედგა დათვალიერების ოქმი, რომელსაც ესწრებოდა თავად ფ-ც. რა ნივთიერებაც იქნა ამოღებული, იგივე დალუქა მან და შემდეგ ექსპერტებმაც დალუქეს. დათვალიერების ოქმს თავადაც მოაწერა ხელი და კ. ე-მაც. თარჯიმანმა მოაწერა თუ არა ხელი, არ ახსოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კ. ე-ს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში დადასტურდა, რომ კ. ე-ს დათვალიერება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს #12858 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მგზავრის დათვალიერება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ამისთვის ცალკე გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის პირის (პირების) თანდასწრებით.
მოცემულ შემთხვევაში, კ. ე-ს დათვალიერება მოახდინა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა - საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტის‘‘ მებაჟე-ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა თ. გ-მ. ამავდროულად, კ. ე-ა, ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თარჯიმნის მეშვეობით გაცნობილი იყო მის მიმართ დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას და განმარტებული ჰქონდა უფლება-მოვალეობები, რაც დასტურდება როგორც მგზავრისა და მისი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმებით, ასევე მოწმეების - თ. ზ-სა და თ. გ-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, რომელთა დაკითხვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე, არასანდოობასა და არაგულწრფელობაზე მიანიშნებდა.
მგზავრის დათვალიერების #..... ოქმის თანახმად, 2015 წლის 23 აგვისტოს, 06:00 საათიდან 06:10 საათამდე შუალედში, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტში‘‘, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მთავარი მებაჟე-ოფიცრის - თ. ზ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მებაჟე-ოციცრის დროებით მოვალეობის შემსრულებლის - თ. გ-ს მიერ დათვალიერება ჩაუტარდა ბრაზილიის მოქალაქე კ. ე-ს, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა (სავარაუდოდ ,,კოკაინი“), წონით 1400 გრამი და ქვედა საცვალი (ბანდაჟი). ოქმის მიხედვით, ფიზიკურ პირს - კ. ე-ს ეცნობა მისი დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება და განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები. საუბარი მიმდინარეობდა პორტუგალიურ ენაზე და თარჯიმნობას ეწეოდა გ. ს-ე. აღნიშნული ოქმის სისწორე ხელმოწერით აქვთ დადასტურებული დათვალიერების ჩამტარებელ პირს - თ. გ-ს და კ. ე-ს.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტში‘‘ მებაჟე-ოფიცრის დროებითმა მოვალეობის შემსრულებელმა თ. გ-მ ასევე დაათვალიერა მგზავრ კ. ე-ს ბარგი/ხელბარგი, რა დროსაც ამოღებულია მისი პირადი ნივთები, ტექნიკა და დოკუმენტაცია. ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმსაც ხელს აწერენ თ. გ-ე და კ. ე-ა, ასევე, თარჯიმანი გ. ს-ე, რომელიც თარგმნიდა პორტუგალიური ენიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ კ. ე-ს მიმართ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ მოქმედებებს თარჯიმანი არ ესწრებოდა. მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ დათვალიერებას ესწრებოდა და მისი მიმდინარეობა კ. ე-ს პორტუგალიურ ენაზე უთარგმნა გ. ს-მ, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. ანალოგიურად, მგზავრის დათვალიერებას ოქმის თანახმად, საუბარი მიმდინარეობდა პორტუგალიურ ენაზე და თარჯიმანი იყო გ. ს-ე. ის გარემოება, რომ თარჯიმანი ხელს აწერს მხოლოდ ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმს და მისი ხელმოწერა არ არის მგზავრის დათვალიერების ოქმზე, ვერ გახდება ამ დათვალიერების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ კ. ე-ა პირადი დათვალიერების დროს უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 აგვისტოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის - გ.ბ-ს მიერ, ექსპერტების - ზ. მ-სა და ნ. გ-ს მონაწილეობით, მებაჟე-ოფიცრის დროებით მოვალეობის შემსრულებლის - თ. გ-სგან ამოღებულ იქნა 3 ფუთა, მათ შორის, ფუთა #1, წარწერით: ,,კოკაინი, 1400 გრამი; ქვედა საცვალი (ბანდაჟი) 0,3 გრ.‘‘, ლუქი #..... აღნიშნული ოქმის სისწორე 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურეს თ.გ-მ და საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა გ. ბ-მ.
აპელანტი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ექსპერტმა ნ. გ-მ სასამართლოში საგამოძიებო მოქმედება - ამოღებაში - მონაწილეობის თარიღად 2015 წლის 25 სექტემბერი მიუთითა. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტმა ზ. მ-მ, რომელიც ნ. გ-სთან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, განმარტა, რომ 2015 წლის 23 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოში შემოჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. ექსპერტ ნ. გ-სთან ერთად მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც ამოიღეს სამი ცალი, წვრილი ,,ტროსით“ და ყვითელი ლუქით დალუქული საბაჟო დეპარტამენტის ფუთა. აღნიშნული ფუთები გაუხსნელადვე დაასურათეს, დალუქეს შს სამინისტროს პაკეტებში და ლუქებზე გააკეთეს შესაბამისი წარწერები. მანვე დარწმუნებით განაცხადა, რომ 2015 წელს, სხვა დროს, ნ. გ-სთან ერთად, ნარკოტიკების საქმეზე აეროპორტში არ ყოფილა, ამასთან, აღნიშნა, რომ მითითებულ დღეს ორ პირთან მიმართებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ნ. გ-მ დაადასტურა იმავე დღეს ორ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 24 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #..... დასკვნის თანახმად, კ. ე-ს პირადი შემოწმებისას ამოღებული, ვერცხლისფერ პოლიეთილენის 5 პაკეტში (თითოეული შეფუთული ნაცრისფერი წებოვანი ლენტით) მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, საერთო წონით 1186,24 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“ (მარილს), საერთო შემცველობით - 855,94 გრამს. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტმა - თ. ო-მ სრულად დაადასტურა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა საკვლევი ობიექტი, სპეცპაკეტში მოთავსებული ტომარა და მასში - კ. ე-ს პირადი შემოწმებისას ამოღებული ვერცხლისფერი პოლიეთილენის 5 პაკეტი. ტომარაზე იყო მცირე ზომის ფურცელი. დათვალიერდა საკვლევი ობიექტი და აღიწერა დეტალურად. ობიექტი იყო დალუქული სახით, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. წარმოდგენილი ობიექტი საერთო ჯამში დალუქული იყო 2-ჯერ, მათ შორის - აეროპორტის ლუქით. ჩატარდა სათანადო კლასიკური, ინსტუმენტული კვლევა, რა დროსაც დადგინდა, რომ კ. ე-ს პირადი შემოწმებისას ამოღებული თეთრი ფერის ფხვნილი, საერთო წონით 1186,24 გრამი, შეიცავს 855,54 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“. ანალოგიური ჩვენება მისცა ექსპერტმა ს. ც-მ.
ამდენად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტისა‘‘ და საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებების ურთიერთშეჯერებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“ (მარილს), ეკუთვნოდა კ. ე-ს და მისი დათვალიერების შედეგად ამოიღო მებაჟე-ოფიცერმა, რაზეც მეტყველებს ზემოთ მითითებული გარემოება, რომ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ობიექტი 2-ჯერ იყო დალუქული და მათ შორის, ერთხელ - საბაჟოს ლუქით #.....
ნარკოლოგიური ექსპერტიზის #..... დასკვნის თანახმად, კ. ე-ს ლაბორატორიულად დაუდგინდა იმავე ნარკოტიკული საშუალების - ,,კოკაინის“ შემცველობა, რაც ამოიღეს მისი დათვალიერებისას. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირმა, მოწმე ლ.ხ-მ და გამორიცხა ჩატარებული გამოკვლევით მიღებული შედეგის ცდომილება.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოიკვლიეს საზღვრის კვეთის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ბრაზილიის მოქალაქე კ. ე-ა საქართველოში შემოსულია თბილისის აეროპორტის გავლით 2015 წლის 23 აგვისტოს, 05:47 წუთზე. მისი დათვალიერება და შემდგომში - დაკავება მოხდა მის მიერ საზღვრის კვეთიდან მცირე დროში თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე, რაც გამორიცხავს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შეძენასა და შენახვას.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ე-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ე-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - თ. ზ-ს, თ. გ-ს, გ. ბ-ს, ზ. მ-ს, ნ. გ-ს, გ. ბ-ს, თ. ო-სა და ს. ც-ს ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ქიმიური, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული კ. ე-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
10. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ საქმეში, ევროპული სასამართლოს მითითებით, ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი ძირთადად, დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა საკმარისი და დამაჯერებელი განმარტებების გარეშე იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.[1] აქედან გამომდინარე, კ. ე-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მითითებულ გადაწყვეტილებაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Mikiashvili v. Georgia), N18996/06, 09/10/2012, §82 და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/12/2012, §50.