საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №644აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ი მ., 644აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ.ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით მ. ხ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 ივნისიდან.
მ. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წვერის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ. ხ-მ 2017 წლის 20 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე,…..რაიონის სოფელ ….., თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მცირეწლოვანი შვილების - …..20.. წელს დაბადებულ გ. ხ-სა და …..20.. წელს დაბადებულ ლ.ხ-ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. მ-ს, მკლავში უხეშად მოჰკიდა ხელი, ხელმოკიდებული იძულებით, თრევით, მიიყვანა გასასვლელ კართან ფეხი დაარტყა ზურგის არეში და გააგდო სახლიდან, რამაც მ. მ-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ-მ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა ან სასჯელის პირობითად ჩათვლა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ მ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის ან სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ მ. ხ-თვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის შეფარდების დროს პალატამ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიიჩნია, რომ მ. ხ-ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულად დაეთანხმა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი მ. ხ-ს მიმართ დატოვა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ.ხ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას ან სასჯელის პირობითად ჩათვლას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. ხ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი