Facebook Twitter

ას-970-1171-08 15 იანვარი, 2009 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. შ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – შ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა .. ..-ის ...მა დ. ს-მ, მოპასუხეებად დაასახელა: ბ. შ-ი, ე. მ-ე, ნ. ბ-ე, მ. ა-ი, ა. ა-ი, ლ. ა-ი, ს. კ-ი, ა. ბ-ი, ს. რ-ი, დ. გ-ი, ნ. ბ-ე, კ. ლ-ე, მ. ვ-ე, ზ. შ-ი და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, ...ის ...ორ დ. ს-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მათ შორის ზესტაფონის რაიონის სოფელ ... მდებარე ნ. ბ-ის მფლობელობაში არსებული 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ბენზინგასამართი სადგური), ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად და გადაეცა სახელმწიფოს.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ხ-მ და მოითხოვა ნ. ბ-ისა და დ. გ-ის მიმართ ქონების დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებებით ნ. ბ-ისა და დ. გ-ის წარმომადგენლის, შ. ხ-ის, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს, არ იყო წარმოდგენილი ნ. ბ-ისა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე შ. ხ-ის წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა, ასევე არ ირკვეოდა აპელანტებისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარების დრო და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხარვეზის შესავსებად, 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა.

დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლები, ნ. ბ-ს ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 13 ოქტომბერს, დ. გ-ს- 2008 წლის 15 ოქტომბერს, შ. ხ-ს კი - 2008 წლის 18 ოქტომბერს.

პალატამ, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ხ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება დ. გ-ისა და ნ. ბ-ის ქონების დაუსაბუთებლად ცნობისა და ჩამორთმევის ნაწილში. დ. გ-ისა და ნ. ბ-ის სახელზე რიცხული ქონების ფაქტობრივი მესაკუთრე არის ბ. შ-ი, ეს სადავოდ არც ერთ მხარეს გაუხდია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს, ნაცვლად იმისა, რომ განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი, გამოიტანა ხარვეზის შესახებ განჩინება და გაუგზავნა დ. გ-სა და ნ. ბ-ს, რომელთაც არც კი გუსაჩივრებიათ გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, შ. ხ-მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებებით განუხილველად იქნა დატოვებული ნ. ბ-ისა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, აღნიშნული განჩნებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ხ-მ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია ნ. ბ-სა და დ. გ-ს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია არც ერთ მათგანს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე, იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

განსახილველ საქმეზე სააპკელაციო პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ხ-მ. ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არის მიღებული სააპელაციო პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებები უშუალოდ არ ეხება კერძო საჩივრის ავტორს, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 284-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. შ-ის წარმომადგენელ შ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.