¹ას-970-1249-09 30 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ირაო აჭარა” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ რ. ფ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “გეოკო მუნარი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “გეოკო მუნარმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ირაო აჭარის” მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ 23418,42 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ირაო აჭარას” დაეკისრა შპს “გეოკო მუნარის” სასარგებლოდ 23418,42 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ირაო აჭარამ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ირაო აჭარამ”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ როგორც შპს “ირაო აჭარის”, ასევე მისი წარმომადგენლის _ რ.ფ-ძის მიმსამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდათ გზავნილის ადრესატებს. დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ირაო აჭარის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში შპს “ირაო აჭარის” კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაიგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ წარმომადგენლის _ რ.ფ-ძის, ასევე შპს “ირაო აჭარის” მისამართზე. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს “ირაოა აჭარას” ჩაბარდა 2009 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო რ.ფ-ძეს _ ამავე წლის 12 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ.102-103).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო შეტყობინება იმ შემთხვევაშიც ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, თუ იგი გაიგზავნა დაწესებულების მისამართზე და ჩაბარდა ამ დაწესებულების ადმინისტრაციას და აღნიშნული საკმარისი საფუძველია ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებისათვის დადგენილი ვადის ასათვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ორი ან რამდენიმე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას საპროცესო ვადის ათვლის დასაწყისად გამოიყენება იმ მხარისათვის ჩაბარება, რომელსაც სასამართლო შეტყობინება უფრო ადრე ჩაბარდა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს “ირაო აჭარას” ჩაბარდა 2009 წლის 8 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ.108). რაც შეეხება საპროცესო ვადის ათვლის დასაწყისს, მისი გამოანგარიშების წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლში. დასახელებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 ოქტომბერს. ამ ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ირაო აჭარის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.