საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №652აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი ბ., 652აპ-17 18 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი ლილუაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით ბ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბ. მ-ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 2 აპრილიდან - 2015 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12 000 (თორმეტი ათასი)ლარი.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბ. მ-ს დამატებით სასჯელად დაენიშნა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ბ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ფულადი თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. აღნიშნული განაჩენით ბ. მ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობის მცდელობაში, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
არასამეწარმეო იურიდიული პირის „…..“ პრეზიდენტ ნ. ნ-სა და მის პარტნიორებს უნარშეზღუდულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და სპეციალური განათლების მიღების ცენტრის შესაქმნელად სურდათ შეეძინათ ქ. ….., სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7097 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი …..) და მასზე არსებული შენობა - ნაგებობები. 2015 წლის 28 მარტს ნ. ნ-ე თავისი ნაცნობის - რ. ბ-ს რეკომენდაციით შეხვდა საქართველოს შს სამინისტროს სსიპ „….. პოლიციის“ დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ….. სამმართველოს უფროსის მოადგილე ბ. მ-ს, რომელმაც ქონების შეძენასთან დაკავშირებით აღუთქვა დახმარება. ბ. მ-მ ნ. ნ-სთან შეხვედრისას განიზრახა, თაღლითურად დაუფლებოდა მის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, იგი მოტყუებით დაარწმუნა, რომ თავისი ნაცნობების (თანამდებობის პირების) დახმარებით, 2015 წლის 20 აპრილამდე აუქციონის გზით სასურველ ფასად შეაძენინებდა ქონებას და სანაცვლოდ წინასწარ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.
2015 წლის 2 აპრილს ბ. მ-მ სცადა, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ნ. ნ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარს, რაც მოტყუებით გამოართვა და სწორედ ამ დროს იგი დააკავეს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა.
დაცვის მხარემ საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბრალდების მხარემ - მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის საეჭვო ჩვენებას, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დასდებოდა და საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული აშკარად ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენებაში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - რ. ბ-მ, ზ. პ-მ და გ. მ-მ, რომელთა თანახმად, დასტურდება ნ. ნ-სა და ბ. მ-ს შორის შეხვედრისა და საუბრის ფაქტი, რა დროსაც ბ. მ-მ დახმარება აღუთქვა ნ. ნ-ს მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანასა და შესყიდვაში, რაშიც გამოიყენებდა თავის ნაცნობებს, ხოლო დახმარების სანაცვლოდ წინასწარ მოითხოვა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. მოწმეებმა განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, თუ რა საჭიროებისთვის ითხოვდა ბ. მ-ი წინასწარ აღნიშნულ თანხას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიკვლიეს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის შეხვედრების ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები და კრებსები, რომლებიც სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებთან. ჩანაწერებიდან, რომლებიც დეტალურად აქვს განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოს, უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ. მ-მ ნ. ნ-ს დახმარების სანაცვლოდ 10 000 (ათი თასი) აშშ დოლარი მოსთხოვა.
2015 წლის 2 აპრილის ბ. მ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ ბ. მ-ს ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას“ სახ. N….. სალონის წინა მხარის სიჩქარის გადაცემათა კოლოფთან ნანახი და ამოღებულ იქნა ფულადი თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი (100 ცალი 100 აშშ - დოლარიანი კუპიურა), შეკრული რეზინის სამაგრით. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
2015 წლის 2 აპრილის ლუქის ახსნის, დათვალიერებისა და ხელახლა დალუქვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ბ. მ-ს ავტომანქანიდან ამოღებული ფულადი კუპიურების ნომრები სისხლის სამართლის საქმეზე ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ ნ. ნ-თვის გადაცემული ფულადი კუპიურების იდენტურია.
დაცვის მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოს გახდიდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სანდოობასა და უტყუარობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და ქმნის იმ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მსჯავრდებისათვის.
ამდენად, აპელანტის პოზიცია, რომ საქმეში არ არსებობს ბ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, უსაფუძვლოა და პალატამ არ გაიზიარა.
დაცვის მხარემ ასევე ყურადრება გაამახვილა დაზარალებულ ნ. ნ-ს საეჭვო წარსულზე, მის ნასამართლობაზე და მიუთითა, რომ მან ფაქტობრივად მოახდინა დანაშაულის პროვოცირება.
აღნიშნული საკითხი დეტალურად არის გაანალიზებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, ამიტომ პალატა ამ მიმართებით აღარაფერს იმეორებს. მოცემულ შემთხვევაში რომ არ მომხდარა დანაშაულის პროვოცირება, ეს დასტურდება სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებით:
ა) მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული პირდაპირ, უშუალოდ არ დაკავშირებია ბ. მ-ს და მისი არსებობის შესახებ ცნობილი გახდა რ. ბ-საგან; ბ) მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის პირველი შეხვედრის დროს ბ. მ-ი რ. ბ-საგან უკვე ინფორმირებული იყო საკითხთან დაკავშირებით. ბ. მ-მ ნ. ნ-ს აუხსნა, რომ ჰყავდა კარგი სანაცნობო წრე, მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით უპრობლემოდ შეძლებდა ქონების აუქციონზე გატანასა და შეძენაში დახმარებას; გ) თანხა არ შეუთავაზებია ნ. ნ-ს, პირიქით, დახმარების სანაცვლოდ, ბ. მ-მ თავად მოითხოვა თანხის გადაცემა.
დაცვის მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ ნ. ნ-ს რეალურად აინტერესებდა არა მიწის ნაკვეთის შეძენა, არამედ ბ. მ-ს დაჭერა, მოჰყავს მოწმე გ. მ-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, თითქოს მათ შესთავაზეს ნ. ნ-ს, თანხა დადებულიყო ნეიტრალური პირის ანგარიშზე, რაზეც ის არ დასთანხმდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ მოწმის ჩვენების ასეთი სახით ინტერპრეტაცია, ვინაიდან გ. მ-ს თავის ჩვენებაში ასეთი რამ არ უთქვამს. პირიქით, თავად ბ. მ-ს შეკითხვაზე - ნ. ნ-მ განაცხადა თუ არა უარი მათ შეთავაზებაზე, რომ თანხა დადებულიყო ნეიტრალური პირის ანგარიშზე, მოწმემ უპასუხა, რომ ასეთ წინადადებაზე თავად ბ. მ-მ განაცხადა უარი (იხ, სასამართლო სხდომის ოქმი 24.06.16 – 17:58:52 -17:59:15). მოწმის ჩვენების ეს ნაწილი შეესაბამება ნ. ნ-სა და მსჯავრდებულის პირველი შეხვედრის ფარული ჩანაწერის შინაარსს, კერძოდ, ნ. ნ-ე მიმართავს ბ. მ-ს: ,,..რა ვიცი, ათასი რაღაცა ხდება, მაგის დედაც ვატირე, აგერ ძმაო, ყველაზე ნეიტრალური კაცი მიმაჩნია ზ. ბატონი, თუ მისი წინააღმდეგი არ იქნებით, მითხარით მაშინ და აგერ ამ კაცთან იყოს დადებული, არ არის პრობლემა, ყველაზე ნეიტრალური, არც ჩემსკენ რომ არ არის და არც იქით...“. ბ. მ-ი პასუხობს: ,,გეტყვი ჩემო ძმაო ეხლა მე, ბ. მ-ს/?/ ვინა ვარ რა ვარ, იცით, რა პიროვნება, ვინც არის, არის, იმის ათი ათას დოლარზე მე პრობლემას პირადად მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ ის არც გამქცევია და ისეთ რამეს მიიღებთ რაც თქვენ გინდათ...“. ,,...მე ეხლა იმას რომ ვუთხრა, იცი რა პ., მოდი ესე ნეიტრალურში იდოს, მე ცოტა აი, კაცი იძახის, მე თქვენი წილი არ მაინტერესებს, თქვენი არაფერი არ მაინტერესებს, მე ძმობაში, ერთხელ მოხდა, პრობლემები შემექმნა, თუ გაწყობთ ესეთი რაღაცა, მომიტანეთ ათი ათასი და დავიწყოთ საქმე! დაგიმთავრებთ მაგ საქმეს“.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა დანიშნულ სასჯელზე და პალატას მისცემდა საშუალებას, ემსჯელა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენებით, მოწმეების - რ. ბ-ს, გ. გ-ს, ზ. პ-სა და გ. მ-ს ჩვენებებით, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერებით (კრებსებით), ბ. მ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ლუქის ახსნის, დათვალიერებისა და ხელახლა დალუქვის შესახებ ოქმით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი ქმედებისა და დამდგარი შედეგის გათვალიწინებით, მსჯავრდებულს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
პალატამ აღნიშნა: იმისათვის, რომ რეალიზდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, ყველა შემთხვევაში აუცილებელი არ არის თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენება და პირის საზოგადოებისგან იზოლირება, თუნდაც ის არ ეთანხმებოდეს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა.
დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ადვოკატი ასევე უთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, რომ დადასტურებულიყო ბ. მ-ს ბრალეულობა, მისთვის შეფარდებული სასჯელი უსამართლო და აშკარად მკაცრია.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში. საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება (მაგალითისათვის იხილეთ გადაწყვეტილებები საქმეებზე - N 434აპ-16, N1106აპ-10).
10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მოთხოვნას, შესაბამისად - სასჯელის შემსუბუქებისა და დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ისე განუსაზღვრეს მსჯავრდებულ ბ. მ-ს სამართლიანი სასჯელი.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გიორგი ლილუაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი