Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№653აპ-17 ქ. თბილისი

მ. ნ, 653აპ-17 14 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ადვოკატების - თ. გ–-სა და ა. ძ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 800 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18.00 საათზე, ქ. თ, წ. ქ. №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ- მ–მა ბ. გ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ნ. მ–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ბ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. მ–მა და მისმა ადვოკატებმა. კასატორები ითხოვენ ნ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; დაზარალებულმა მისცა საეჭვო და ობიექტურ რეალობას მოკლებული ჩვენება; სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიცია და ობიექტურად არ შეაფასა დაცვის მხარის მტკიცებულებები; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ. მ-ს ბრალეულობაში.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ და მიაჩნია, რომ დაზარალებულ ბ. გ–ისა და მოწმეების - ნ. გ.–ის, გ. გ–ისა და ს. ჟ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ნ. მ-ს ბრალეულობა.

9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება დაზარალებულის ჩვენების საეჭვოობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ბ. გ–ის ჩვენება თანმიმდევრულია და თანხვდენილია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ადვოკატების - თ. გ-სა და ა. ძ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე