ას-974-1253-09 29 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის პირველ მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აწ რ. ბ-ძის სახელით განცხადებით მიმართა გ. კ-ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-ძის წარმომადგენელ გ. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაოაბზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან რ. ბ-ძე გარდაცვლილია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი სახელით მისი უფლებების დაცვა განეხორციელებინა წარმომადგენელს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-ძის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლადაღმოჩენილ გარქმოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია (სსსკ-ის თავი LII, მუხლები 421-432) დადგენილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
ამავე კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეატანის შესახებ.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
უფლების დასაცავად სასამართლოში მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშეE არავის აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. მართალია პირს შეუძლია აწარმოოს საქმე სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: პირი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას აღძრას სარჩელი სასამართლოში, თუმცა საქმის წარმოება მას შეუძლია მიანდოს წარმომადგენელს (სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილი). საპროცესო კანონმდებლობით წარმომადგენელი ის პირია, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად, ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.
სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლი შეიცავს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე, კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით არ შეუძლია აღძრას სარჩელი სასამართლოში, ვინაიდან აღნიშნული მოქმედება უკავშირდება მარწმუნებლის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას (დისპოზიციურობის პრინციპი) და, შესაბამისად, თუ წარმომადგენელმა სპეციალური მინდობილობის გარეშეE შეასრულა ასეთი საპროცესო მოქმედება, იგი არავითარ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს და ასეთი საჩივარი ან განცხადება განუხილველად დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა გ. კ-ძის მარწმუნებელი რ. ბ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის პირველ მაისს.
სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მითითებული მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ძეს, როგორც აწ გარდაცვლილი რ. ბ-ძის წარმომადგენელს, არ ჰქონდა უფლება გარდაცვლილი პირის სახელით მიემართა სასამართლოსათვის მისი უფლებების დასაცავად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაოაბზე, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი, სწორად დატოვა განუხილველად. შესაბამისად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.