Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№660აპ-17 ქ. თბილისი

ს. ს, 660აპ-17 22 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. -ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით ს. ს. ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ს. ს-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 თებერვლიდან.

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ს. ს-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ს. ს-მ არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.199976 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი,“ რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, როგორც 33-ე მუხლით ნასამართლევმა პირმა, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 7 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმალური სასჯელის შეფარდებას. კასატორის მითითებით, მსჯავრდებული დაკავების დღიდან აღიარებს და ინანიებს დანაშაულს; მან ითანამშრომლა გამოძიებასთან; ს. ს-ის კმაყოფაზე არიან მცირეწლოვანი შვილები და ხანდაზმული მშობლები; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. დაცვის მხარის მითითებას ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა ს.- ს-ს პიროვნული მახასიათებლები და სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ს-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე