ას-978-1178-08 13 თებერვალი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ფ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბერს სარჩელით მიმართა ზ. ფ-ძემ სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და 1000 ლარის ოდენობით ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 26 დეკემბერს დაიწყო მუშაობა სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში“ დაცვის განყოფილებაში გუშაგად, 2004 წლის 11 ოქტომბრიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გავიდა ბიულეტენზე 2004 წლის პირველ ნოემბრამდე. გამოჯანმრთელების შემდგომ კი, სამსახურში დაბრუნებაზე ადმინისტრაციამ უარი განუცხადა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას განთავისუფლების შესახებ ბრძანება მხოლოდ 2005 წლის 31 აგვისტოს ჩაჰბარდა, საიდანაც გაირკვა, რომ 2004 წლის 13 ოქტომბერს გაათავისუფლეს პირადი განცხადების საფუძველზე, მაშინ, როდესაც იგი 2004 წლის 11 ოქტომბრიდან იმყოფებოდა ბიულეტენზე და განცხადება არ დაუწერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ფ-ძემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის 10 თვის განაცდური ხელფასის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ დირექტორის 2004 წლის 13 ოქტომბრის ¹72 ბრძანება ზ. ფ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე ჩაითვალა უკანონოდ და მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ზ. ფ-ძეს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი შეიტანა ზ. ფ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების სახით 4280 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოში ზ. ფ-ძემ წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს იძულებით განაცდური ხელფასის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ მან აღნიშნული თანხა გამოითვალა მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდა დამატებით რამოდენიმე თვე და პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული პერიოდისთვისაც უნდა დაეკისრებინა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 4280 ლარის ოდენობით.
ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ფ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ზ. ფ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიიდან დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის ნაწილშიც მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რის შესახებაც სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მხარეებს. უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა ზ. ფ-ძეს, ხოლო სასამართლო გზავნილი სს „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული ქარხნის“ სახელზე დაბრუნდა შეტყობინებით, რომ მითითებულ მისამართზე აღნიშნული ქარხანა არE მდებარეობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა განჩინება – დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებანი იურიდიულად ვერ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას ამ ნაწილში, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ზ. ფ-ძის სასარგებლოდ სს ბათუმის ქიმიური ფარმაცევტული ქარხნისათვის 1000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტულ ქარხანას“ ზ. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5070 ლარი; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2008 წლის 18 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ დირექტორმა ნ. ბ-ძემ, რომლითაც მან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-422-ე მუხლების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება – დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
განმცხადებულმა განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ, მართალია, მოწინააღმდეგე მხარემ ზ. ფ-ძემ სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში შეიცვალა იურიდიული მისამართი, მაგრამ ამის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დროულად აცნობა სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულმა ქარხანამ“, სასამართლოს მიერ კი 2008 წლის 5 თებერვლის მთავარი სხდომის შესახებ უწყება არ გაგზავნიათ კანონით დადგენილი წესით ახალ მისამართზე, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... ქ. ¹65-ში.
იმ საფუძვლით, რომ სასამართლო მთავარ სხდომაზე მხარე არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს «ქიმიურ ფარმაცევტული ქარხნის” დირექტორ ნ. ბ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს «ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას” 2008 წლის 5 თებერვლის მთავარ სხდომაზე ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, საქმეში მითითებული მისამართი შეცვლილი ჰქონდა, მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოსათვის აღარ უცნობებია. სასამართლომ უწყება გააგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის” დირექტორმა ნ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი და სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას” დაეკისრა მის სასარგებლოდ 5070 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსრწებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას” უწყება არ ჩაჰბარებია. სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის” გაკოტრების მმართველმა გიორგი სამველიძემ დროულად აცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე, მაგრამ ამ მისამართზე სასამართლოს უწყება არ გამოუგზავნია.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს «ქიმიურ-ფარაცევტული ქარხნის” დირექტორ ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხრე - სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“, ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ 2008 წლის 5 თებერვლის მთავარ სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მათ უწყება არ გაეგზავნათ შეცვლილ მისამართზე, ქ.ბათუმში, ... ქ. ¹65-ში, მისამართის შეცვლის თაობაზე კი დროულად ეცნობა სააპელაციო სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ სხვა მისამართზე გააზავნა უწყება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს «ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულმა ქარხანამ” მართლაც მიმართა სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ და მიუთითა შემდეგი მისამართი – ქ. ბათუმი, ... ქ. ¹65. სასამართლომ ამ მისამართზეც და მეორე მისამართზე – ქ. ბათუმში, დაბა ბარცხანაში, ... ქ. ¹65-ში გააგზავნა უწყება, მაგრამ უკან დაბრუნდა შეტყობინება იმის გამო, ამ მისამართებზე არ იყო აღნიშნული ქარხანა. სხვა მისამართი კი სასამათლოსთვის ცნობილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მხრეს სასამართლო უწყება გაგზვნილი უნდა ჰქონდეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ აღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დაუცველობა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში კი მხარეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ უწყება სასამართლო პროცესის შესახებ და სს «ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას” უწყება არ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ მან სასამართლოსათვის ცნობილი მისამართი შეიცვალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხრეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სს „ქიმიურ ფარმაცევტულ ქარხანას“, 2008 წლის 5 თებერვლის მთავარ სხდომაზე ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, საქმეში მითითებული მისამართი შეცვლილი ჰქონდა, მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის აღარ უცნობებია, ხოლო სასამართლოსათვის ცნობილ მისამართებზე უწყება გაგზავნილი ჰქონდათ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «ქიმიურ-ფარაცევტული ქარხნის” დირექტორ ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.