Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-979-1280-07 20 თებერვალი 2008წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ძე-ღ-აძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. ს-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ს-იძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ აღრულების გადადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 12 აპრილს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ს-იძემ და მოითხოვა მოპასუხე ნ. და დ. ს-იძე და გ. ს-ძე-ღ-აძესგან მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 54000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, 1952 წლიდან კანონიერად სარგებლობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთით და საცხოვრებელი სახლით. 1995 წელს მისი საკარმიდამო ნაკვეთის მოსაზღვრედ მცხოვრებმა მოპასუხეებმა ძალის გამოყენებით ჩაუკეტეს საკარმიდამო ნაკვეთში მისასვლელი გზა, არ მისცეს საშუალება ესარგებლა საკარმიდამო ნაკვეთში მოწეული მოსავლით და ათი წელი უკანონოდ სარგებლობენ მისი პირადი ნაკვეთითა და მოსავლით. ასევე მოპასუხეებმა ბოროტი განზრახვით დაუნგრიეს ამ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლი, რკინის ოროთახიანი ჯიხური, გაიტაცეს 1300 ცალი საამშენებლო მასალა-ბლოკი, 100 ცალი ახალი მანდარინის შესანახი ყუთი და სხვა წვრილმანი სასოფლო სამეურნეო იარაღები, დაჭრეს მრავალწლოვანი ნარგავები, რითაც მიაყენეს 4000 ლარის მატერიალური და 30000 ლარის მორალური ზიანი.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები ნ. ს-იძე და გ. ს-ძე-ღ-აძე არ გამოცხადდნენ, ხოლო გამოცხადებულმა დ. ს-იძემ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს დასწრებულ-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ვ. ს-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-იძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

2006 წლის 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ს-აძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ს-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს დასწრებული-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ს-იძის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, დ. ს-იძეს, ნ. ს-იძეს და გ. ს-ძე-ღ-აძეს დაეკისრათ ვ. ს-იძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანისათვის 24000 ლარის გადახდა.

დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2007 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ს-ძე-ღ-აძის წარმომადგენელმა გ. ს-აძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების სამი თვის ვადით გადავადება.

2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დასახელებული განცხადება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განუკურნებელი სენით დაავადებული გ. ს-იძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუარესებული და მოპასუხეთა, როგორც მისი ოჯახის წევრების მთელი შემოსავალი მიმართული იყო გ. ს-ძე-ღ-აძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, შპს „ .. ..-ის“ დირექტორის მიერ, 2007 წლის 27 ივლისის ¹67 ცნობის შესაბამისად, გ. ს-იძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობის გაცემის დროისათვის იყო დამაკმაყოფილებელი.

ამასთან სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ს-იძესთან ერთად, სოლიდარულად მოვალე მხარეებს წარმოადგენდნენ გ. ს-იძის ოჯახის წევრები, დ. და ნ. ს-იძეები. გ. ს-აძის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მოვალეთა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ გ. ს-იძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, პალატის აზრით არ წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადებისათვის საკმარის მტკიცებულებას.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ძე-ღ-აძის წარმომადგენელმა გ. ს-აძემ.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება მიღებული იყო კანონის არასწორი დეფინირების შედეგად. მისი აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსიის 263-მუხლის 1-ლი ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა დასახელებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ს-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს დასწრებული-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ს-იძის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, დ. ს-იძეს, ნ. ს-იძეს და გ. ს-ძე-ღ-აძეს დაეკისრათ ვ. ს-იძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანისათვის 24000 ლარის გადახდა.

დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

გ. ს-ძე-ღ-აძის წარმომადგენელმა გ. ს-აძემ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების გადადება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვლოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მხარის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომ აღსრულების მომენტისათვის ქმნიდეს რაიმე დაბრკოლებას. როგორ მხარის მიერ წარმოდგენილ შპს „ .. ..-ის“ დირექტორის მიერ, 2007 წლის 27 ივლისს გაცემულ ¹67 ცნობიდან ირკვევა, გ. ს-იძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობის გაცემის დროისათვის დამაკმაყოფილებელია

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. ს-იძესთან ერთად სოლიდარულად მოვალე მხარეებს წარმოადგენდნენ ოჯახის წევრები, დ. და ნ. ს-იძეები, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საფუძველი იქნებოდა.

საგულისხმოა ისიც, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდისათვის უკვე გასულია სამი თვე, სასამართლო კი მხოლოდ ამ ვადითაა უფლებამოსილი გადადოს აღსრულება

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი აღსრულების გადადების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს-ძე-ღ-აძის წარმომადგენელის გ. ს-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.