Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№666აპ-17 ქ. თბილისი

ბ. ს., 666აპ-17 15 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით (მე-2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

ს. ბ-ს პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 იანვრიდან;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარმოებები:

ს. ბ სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს, ვ.ბ-ს და ყოფილ მეუღლეს, ნ. ჩ–ს. 2017 წლის 12 იანვარს თ, ბ-ს ქუჩის N5-ის მიმდებარედ, ს. ბ. ვ. ბ-სა და ნ. ჩ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

ს. ბ. სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს, ნ. ჩ–ს. 2017 წლის 12 იანვარს თ, ბ-ს ქუჩის N5-ის მიმდებარედ, ს. ბ-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ნ. ჩ–ს, კერძოდ, დაარტყა ხელი თავში, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა, რომ ს. ბ-მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები; ბრალდების მიერ მითითებულ დროსა და ადგილზე მასა და ნ. ჩ–ს შორის იყო რკინის ღობე, რის გამოც დაზარალებულთან ფიზიკური კონტაქტი ვერ ექნებოდა; რაც შეეხება მსჯავრდებულის შვილს, აგრესიას პირიქით, იგი ავლენდა, რის გამოც ს. ბ. გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს; 2017 წლის 12 იანვარს ს. ბ. იყო ფხიზელი და მოწმეებს შემთხვევის ადგილზე შეხვდა პირველად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს ს. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ს. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

9. სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ბ-ს საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე