Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-982-1182-08 29 დეკემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ს-აძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-აძე (მოპასუხე)

მესამე პირი _ გ. ს-აძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ფართიდან გამოსახლება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 17 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ს-აძემ მოპასუხე ა. ნ-აძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქ. ¹37-ში (ყოფილი ლესელიძის ქ. ¹31) მდებარე საცხოვრებელი სახლის 29.94 კვ.მ და 28.04 კვ.მ ფართზე (სულ 57.44 კვ.მ) მემკვიდრედ ცნობა და აღნიშნული ფართიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება (ტომი 1, ს.ფ. 1-4).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება გ. ს-აძე (ტომი 1, ს.ფ. 67-73).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. სოხაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 76-77).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 81-88).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-აძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ს-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ს-აძე აღიარებულ იქნა ქ. ქუთაისში, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქ. ¹37-ში (ყოფილი ლესელიძის ქ. ¹31) მდებარე 29.49 კვ.მ და 28.04 კვ.მ ორი ოთახის, მთლიანობაში 57.44 კვ.მ ფართისგან შემდგარი, 1940 წლის 17 ივლისს გარდაცვლილი ბიჭია სოხაძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან 4/27 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ქუთაისში, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქ. ¹37-ში მდებარე 57.44 კვ.მ ფართიდან ა. ნ-აძის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 74-86).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი 2, ს.ფ. 100-104).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განნჩინებით დ. სოხაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 2, ს.ფ. 188-196).

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 2008 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე წარდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები, ერთი მხრივ დ. ს-აძე, ხოლო, მეორე მხრივ ა. ნ-აძე, თანახმანი არიან გაუქმდეს საზიარო უფლება სამკვიდრო მასაზე, რომელიც 1991 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით აღირიცხა ბიჭია სოხაძის საკუთრებად და რაც შეადგენს ორ საცხოვრებელ ოთახს ფართით 29,40 კვ.მ და 28,04 კვ.მ.

ერთი ოთახი 29,40 კვ.მ აღირიცხოს მოსარჩელე დ. ს-აძის საკუთრებად.

მეორე ოთახი ფართით 28,04 კვ.მ აღირიცხოს მეორე მემკვიდრის ა. ნ-აძის საკუთრებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდა ზემოაღნიშნული პირობებით და საქმის წარმოება შეწყდა, ამავე განჩინებით დ. სოხაძეს დაუბრუნდა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ნახევარი _ 75 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 219-222).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ. სოხაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისთვის სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მათ შორის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადახდილი 100 ლარი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი 300 ლარი) ნახევრის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოცემულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 24 ივნისს მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდებოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დამდგენმა სასამართლომ, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე წარმოების დასრულების შემდგომ დ. სოხაძეს მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ნახევარი დაუბრუნა, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ სხვა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხები მხედველობაში არ მიიღო.

კერძო საჩივრის ავტორი მისთვის მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნებას არასწორად მიიჩნევს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.2-ე, 49.4-ე და 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე დაყრდნობით თვლის, რომ მის მიერ სრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მათ შორის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადახდილი 100 ლარი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი 300 ლარი) ნახევარი დაბრუნებას ექვემდებარება (ტომი 2, ს.ფ. 228-229).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც დადგინდა დ. სოხაძისათვის სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ნახევრის _ 75 ლარის დაბრუნება, წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მორიგების შედეგად მიღებულ განჩინებას საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, მითითებული მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ამდენად, კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა მორიგების შემთხვევაში გადაიხედება მხოლოდ იმ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის საკითხი, სადაც მორიგება შედგა.

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის მორიგება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შედგა, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში დ. სოხაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით აპელანტისათვის დასაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სწორად განსაზღვრა.

სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება სადავო შემთხვევაში არ განხორციელებულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დარღვევით, სადაც საუბარია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ხარჯების განაწილების შეცვლის, ასევე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ აღნიშნული ხარჯების განაწილების ზოგად წესზე. ეს ნორმა სადავო შემთხვევას ვერ შეეფარდება, რამდენადაც ამ ნორმით რეგულირებული ურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. როგორც უკვე აღინიშნა, ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილების სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს მხარეთა მორიგების შემთხვევაში და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას მხოლოდ ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში ადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მითითებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის შესახებ. სარეზოლუციო ნაწილი ამ შემთხვევაში მიუთითებდა სასამართლო ხარჯების გადაწყვეტაზე საქმის შედეგის შესაბამისად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ს-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.