Facebook Twitter

ას-984-1263-09 23 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის განცხადების (კერძო საჩივრის) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ამავე სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად.

2009 წლის 26 ივნისს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით განმცხადებელს გაუგრძეელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ამავე სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება განცხადებით, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ა. ღ-შვილს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2009 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ.291), სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ა.ღუბელაშვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.