Facebook Twitter

ას-984-1285-07 18 თებერვალი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ თ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ი, მ. ი-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ისა და მ. ი-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის მამა _ ს. ბ-ი ისე გარდაიცვალა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია, თუმცა მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო გ. ბ-ი, რომელმაც მამის ავადმყოფობის პერიოდში მის მოსავლელად დაიქირავა მ. გ-ი. მამის გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელმა უკანონოდ გადაიფორმა ს.ბ-ოვის კუთვნილი ბინა და აჩუქა თავის ქალიშვილს _ მ. ი-ეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ს.ბ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებას, ამდენად, ამ უკანასკნელს სრული უფლება ჰქონდა გაეჩუქებინა კუთვნილი უძრავი ნივთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა გ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ღ-მა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანია ვადა დაარღვია და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, იგი დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს. პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე მის წარმომადგენელ თ. ღ-ს. 2007 წლის 17 ოქტომბერს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა გ.ბ-ოვის მეუღლეს, ხოლო მის წარმომადგენელს საქმეში არსებულ მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო გზავნილი არ ჩაბარდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 2007 წლის 17 ოქტომბერს სასამართლო გზავნილი გ. ბ-ისაც ჩაბარებულად ჩათვალა. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება 2007 წლის 18 ოქტომბრიდან და იწურება 31 ოქტომბერს, აპელანტის წარმომადგენელმა კი სადავო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 1 ნოემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ღ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: გ. ბ-ი არის გონებაშეზღუდული, რის შესახებ მისმა მარწმუნებელმა სასამართლოს აცნობა. ამდენად, სასამართლო გზავნილები, მათ შორის, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გ. ბ-ს არასწორად გაეგზავნა და არ გაეგზავნა მის წარმომადგენელს. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2007 წლის 17 ოქტომბრიდან არასწორად აითვალა, ვინაიდან გ. ბ-ის მეუღლემ განჩინების ასლი თ. ღ-ს გადასცა ამავე წლის 19 ოქტომბერს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სადავო 14-დღიანი ვადა უნდა ათვლილიყო წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის წარმომადგენელ თ. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება მხარეებს გაეგზავნათ კანონის მოთხოვნათა დაცვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2007 წლის 17 ოქტომბერს განჩინების ასლი ჩაბარდა გ. ბ-ის მეუღლეს, ხოლო მის წარმომადგენელ თ. ღ-ს სასამართლო გზავნილი ორჯერ გაეგზავნა, თუმცა არ ჩაბარდა საქმეში არსებულ მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა იმ დროსათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილები, რომელთა შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება ან გზავნილი უნდა გაეგზავნოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს და იგი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ ოჯახის სრულწლოვან წევრად მისი მეუღლე მართებულად ჩათვალა.

ამასთან, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ, გ.ბ-ოვის შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის გამო, მას სასამართლო გზავნილი არ უნდა გაგზავნოდა. ასევე საფუძველსაა მოკლებული მხარის მითითება, რომ თ. ღ-ს პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განჩინება არ გაგზავნია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ განჩინება მას ორჯერ გაეგზავნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2007 წლის 17 ოქტომბრიდან _ გ. ბ-ვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების მომენტიდან სწორად აითვალა. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ სადავო ვადა ამოიწურა ამავე წლის 31 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით _ 2007 წლის 1 ნოემბერს.

ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა ათვლილიყო გ.ბ-ოვის მეუღლის მიერ თ. ღ-ის გასაჩივრებული განჩინების გადაცემიდან _ 2007 წლის 19 ოქტომბრიდან, ვინაიდან კანონმდებელი კონკრეტულად განსაზღვრავს სადავო ვადის ათვლის მომენტს _ მხარისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა 2007 წლის 17 ოქტომბერს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ოვის წარმომადგენელ თ. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.