Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№670აპ-17 ქ. თბილისი

კ. გ. 670აპ-17 23 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ–სა და დავით სარიბეგოვის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. კ, – დ–ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით; მასვე აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის N-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და საბოლოოდ გ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; მასვე აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად, გ.კ-ს თავისუფლების სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 20 ივნისიდან; მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 19 მაისიდან იმავე წლის 27 მაისამდე და 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2015 წლის 16 მაისს, დაახლოებით 06:40 საათზე, თ-ის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მთვრალმა გ. კ-მ, რომელიც მართავდა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით N--, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის დანართი N2 საგზაო მოძრაობის მონიშვნის 1.1 მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მოძრავ „ლადას“ მარკის ავტომობილს (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით O, r), რომელსაც მართავდა ზ. ა. შეჯახების შედეგად შ. ჰ-ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მძღოლი ზ---–-------- ა-–----------- და მისი მგზავრები - ს. ჰ-ი, თ. მ. და მ. მ ადგილზე გარდაიცვალნენ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. კ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, ვინაიდან მოწმე შ. ჰ-ი განმარტავს, რომ საპირისპირო მხრიდან მათი მოძრაობის ზოლში გადავიდა შავი მანქანა, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს, ხოლო გ. კ-ს მითითებით, იგი თავის ზოლში მოძრაობდა და ლ-ს ჩასახვევთან მარჯვნივ მოხვევის დროს იგრძნო დაჯახება და გონება დაკარგა; გამომძიებლის განმარტებით, „ლ–ს“ ფირმის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი ამოიღეს, მაგრამ საქმის მასალებში ეს გარემოება არსადაა ასახული; ევროპული სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებითა და საფუძველებით, რომლებიც არ იწვევს ეჭვს და არ არის ვარაუდი;

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებს გ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ, საქმის გარემოებების დასადგენად ევროსასამართლო ითვალისწინებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულ, ძლიერ, დამაჯერებელ მტკიცებულებებს ან გაუბათილებელ პრეზუმფციებს გულისხმობს.[1] ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მტკიცებულებებსა (მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე შ. ჰ-ის ჩვენება, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) და არგუმენტებზე, რომლებმაც გ. კ--ს მსჯავრდება განაპირობეს.

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ-სა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ“ (Jalloh v. Germany), N54810/00, 11/07/2006, §67.