Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-986-1287-07 17 მარტი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. შ-ზია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. შ-ზია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმეზე წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 2 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. შ-ზიამ მოპასუხე დ. შ-ზიას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მამის დანაშთი ქონების ნაწილის, კერძოდ, სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მამა სერგო შ-ზია გარდაიცვალა 1992 წლის 10 ოქტომბერს. 1987 წლის 10 ივნისს შედგენილი ანდერძით ს. შ-ზიამ მთელი მისი ქონება, მათ შორის, მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა თავის ერთ-ერთ შვილს _ მოსარჩელე თ. შ-ზიას. მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომაც ფლობს ამ ქონებას. ანდერძის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2003 წლის 22 აგვისტოს, დედის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამის შემდგომ თ. შ-ზიამ ანდერძით მიღებული ქონების დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც აღნიშნული ქონების მის სახელზე გაფორმებაზე უარი განუცხადა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის მოტივით. იმავდროულად, მოსარჩელემ მიმართა დანარჩენ მემკვიდრეებს, კერძოდ, თავის და-ძმას _ ლ. და დ. შ-ზიებს, თანახმანი იყვნენ თუ არა, რომ მოსარჩელეს, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, სრულად მიეღო ს. შ-ზიას ანდერძში მოხსენიებული ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დ. შ-ზიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ თითოეული მემკვიდრის წილის დადგენის შემთხვევაში გადაწყვეტდა, იტყოდა თუ არა უარს სამკვიდროს მიღებაზე. მოსარჩელის მითითებით, მის ძმას _ დ. შ-ზიას, მამის სამკვიდროდან წილი უკვე მიღებული ჰქონდა (ტომი 1, ს.ფ. 3-4).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ივნისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, ხოლო ამავე სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა (ს.ფ. 44; 70).

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ზიას სარჩელი დაკმაყოფილდა და მას, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ს. შ-ზიას დანატოვარი სამკვიდრო მიღებულად ჩაეთვალა; სამკვიდროდან მის წილში შევიდა მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში არსებული ბინა, შესაბამის ნოტარიუსს დაევალა აღნიშნულ ბინაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ტომი 1, ს.ფ. 105-107).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-ზიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 118-120).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 აპრილის განჩინებით დ. შ-ზიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 178-181).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. შ-ზიას სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. შ-ზია ცნობილი იქნა 1992 წლის 10 ოქტომბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის, მამის _ ს. შ-ზიას დანაშთი სამკვიდრო ქონების, მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი ს. შ-ზია გარდაიცვალა 1992 წლის 10 ოქტომბერს. მას დარჩა 4 პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე: შვილები თ., ლ. და დ. შ-ზიები და მეუღლე მ. შ-ზია, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2003 წლის 22 აგვისტოს. ს. შ-ზიამ 1987 წელს შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილს _ თ. შ-ზიას.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სამკვდრო მასაში შედიოდა თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის ¹11-ში მდებარე სახლი მიწის ნაკვეთით და მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე სახლი მიწის ნაკვეთით. თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის ¹11-ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე დ. შ-ზია. შესაბამისად, დ. შ-ზიას მამის სამკვიდროდან წილი მიღებული ჰქონდა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდრო მასაში შემავალი, სოფელ დიღმის სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა 2003 წელს გარდაცვლილი მ. შ-ზია და ამ უკანასკნელის დანაშთი ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდა მის ყველა მემკვიდრეს, რამდენადაც საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ სოფელ დიღმის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გარდაცვლილი ს. შ-ზიას საკუთრებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევდით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობა ს. შ-ზიას გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა მხოლოდ სამკვიდროს ნახევარზე და მ. შ-ზიას კანონის საფუძველზე ეკუთვნოდა ქონების ნახევარი, ამ უკანასკნელს არ მოუხდენია თავისი უფლებების რეალიზაცია და საკუთრების უფლებით არ აღურიცხავს სადავო ქონება. შესაბამისად, ს. შ-ზიას სამკვიდრო მასაში უნდა შესულიყო მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი მთლიანად და არა მისი ნახევარი.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობასა ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით _ გადასახადების გადახდის დოკუმენტებით, საკრებულოს მიერ გაცემული ცნობებით, მოწმეების ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ თ. შ-ზია მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების დღიდან ორივე ძმა პერიოდულად ჩადიოდა სოფელში და ეხმარებოდა დედას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაში. ამდენად, ორივე მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით. ამის მიუხედავად, დ. შ-ზიამ მიმართა სასამართლოს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კრწანისის რაიონული სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებით მას გაუგრძელდა ეს ვადა, რომლის სასამართლო განხილვის დროს წარდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ ნოტარიულად დადასტურებული თანხმობა სამკვიდრო ნაწილის ერთ-ერთი მესაკუთრისათვის გადაცემის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული თანხმობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, არამედ სამკვიდროს გაყოფაზე მემკვიდრეთა შორის შეთანხმებას, კერძოდ, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, რომელსაც მთელი ქონება ეანდერძა და რომელიც ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს, გამოხატა თანხმობა სამკვიდროდან გარკვეული წილის მეორე მემკვიდრისათვის გადაცემაზე, რაც არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და ვერ ჩაითვლებოდა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად.

სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ იგი უარს ამბობს სამკვიდროზე. აღნიშნული ნორმის განმარტებით, მემკვიდრემ მთლიანად უნდა მიიღოს სამკვიდრო ან მთლიანად უნდა თქვას უარი მასზე. მოცემულ შემთხვევაში ორივე მემკვიდრემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო და შეთანხმდა მის გაყოფაზე.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლება გამოეყენებინა და მთელი სამკვიდროს მესაკუთრე გამხდარიყო, მაგრამ ანდერძისმიერმა მემკვიდრემ არ წარადგინა ანდერძი, პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის ფაქტობრივად შედგა შეთანხმება სამკვიდროს გაყოფაზე, რასაც თავის დროზე მოპასუხეც დაეთანხმა (ტომი 2, ს.ფ. 88-93).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-ზიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების ერთ-ერთ ძირითად მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს არსებობდა შეთანხმება სამკვიდრო ქონების გაყოფაზე, რაც არასწორია. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების მიმართ ნებისმიერი გარიგება უნდა დადასტურდეს და დამოწმდეს სანოტარო წესით და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, რასაც მათ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქალაქო სასამართლომ სამკვიდრო მასაში ჩათვალა აპელანტის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი, რაც ასევე არასწორია, რადგან უკანონო მშენებლობა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულზე სასამართლოს არ უმსჯელია.

მართალია, მამკვიდრებლის მეუღლეს სამკვიდროს მიღებაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, მაგრამ იგი ფაქტობრივი ცხოვრებით შეუდგა სამკვიდროს ფლობას, რაც დასტურდებოდა მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე სოფელ დიღმის საკრებულოს 2005 წლის 14 აპრილის ¹122 ცნობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის განჩინებით პირველი ინსტანციით საქმის განმხილველ სასამართლოს დაევალა დაედგინა სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება და განესაზღვრა მოსარჩელის წილი სამკვიდროში, მასვე უნდა გამოერკვია, ხომ არ მიიღო დ. შ-ზიამ მშობლების სამკვიდროს ნაწილი მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. მითითებულ საკითხებზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

გარდა ამისა, სასამართლომ არაობიექტურობა გამოიჩინა მისი შუამდგომლობის განხილვისას, რომლითაც იგი ითხოვდა ანდერძის ნამდვილობის დასადგენად საქმეში მცხეთის რაიონის ნოტარიუსის ჩაბმას. იგი ასევე ითხოვდა ესპერტიზის დანიშვნას, რამდენადაც მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საკრებულოს თავმჯდომარის 2002 წლის 12 აგვისტოს ¹127, 2003 წლის 15 აგვისტოს ¹1501 და 2004 წლის 10 ივნისის ¹1465 ცნობების ვიზუალური დათვალიერებით ეჭვს იწვევდა ხელმოწერის ნამდვილობა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა (ტომი 2, ს.ფ. 98-103).

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია აპელანტი დ. შ-ზია, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებულია 2007 წლის 30 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ტომი 2, ს.ფ. 163).

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოცემული საქმის წარმოების შეჩერება თ. შ-ზიას მიერ მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე 30.04.07წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრულ საქმეზე (¹2/2987-07) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ტომი 2, ს.ფ. 196, 198).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. შ-ზიას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეჩერდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/2231-06 თ. შ-ზიას სარჩელისა გამო მოპასუხე დ. შ-ზიას მიმართ ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, სამოქალაქო საქმეზე ¹2/2987-07 თ. შ-ზიას სარჩელისა გამო მოპასუხე დ. შ-ზიასა და ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში თ. შ-ზიას სარჩელის საგანია მოთხოვნა მამის _ ს. შ-ზიას დანაშთი ქონების ნაწილის, კერძოდ, სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ამდენად, მოცემულ საქმეში სადავოა სწორედ აღნიშნული უძრავი ქონება.

იმის დასტურად, რომ აღნიშნული დავის პროცესში სადავო ქონების _ სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღირიცხა აპელანტი დ. შ-ზია, მან სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია დ. შ-ზია, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებულია 2007 წლის 30 აპრილს ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ 2007 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. შ-ზიამ მოპასუხეების _ დ. შ-ზიასა და ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-ს მიმართ. დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ აღნიშნული სარჩელი წარმოებაშია მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით და მინიჭებულია ნომერი: 2/2987-07. თ. შ-ზია სწორედ დასახელებულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ითხოვს მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერებას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი საქმის განხილვის შეუძლებლობად მოიაზრებს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და რომლებსაც შემდგომში შეიძლება პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭოს ამ საქმის გადაწყვეტისას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ორივე სამოქალაქო საქმეში სადავოს წარმოადგენდა ერთი და იგივე უძრავი ქონება, ამასთან, ერთ შემთხვევაში სარჩელის საგანი იყო აღნიშნული ქონების, როგორც ს. შ-ზიას დანაშთი ქონების ნაწილის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, მეორე შემთხვევაში სადავო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, ამდენად, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 201-204).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. შ-ზიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილებდა, რამდენადაც საქმეში არსებული თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. შ-ზიას გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის ვადა. საქმეში ასევე წარდგენილი იყო მოსარჩელე თ. შ-ზიას თანხმობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. მე-2 შესახვევის ¹11-ში, აწ გარდაცვლილ ს. შ-ზიას სახელზე რიცხული ბინა, გაფორმებულიყო მისი ძმის _ დ. შ-ზიას სახელზე. გარდა ამისა, სოფელ დიღმის საკრებულოს 2005 წლის 14 აპრილის ¹122 ცნობით ირკვეოდა, რომ მ. შ-ზია გარდაცვალებამდე _ 2003 წლის 22 აგვისტომდე _ ფაქტობრივად ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში, მეუღლის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაში.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ორივე სამოქალაქო საქმეში სადავო იყო ერთი და იგივე უძრავი ქონება, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. სასამართლოს არ უმსჯელია 1993 წლის 1 აპრილით დათარიღებულ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაზე და არც მოსარჩელეს უთხოვია ამ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 217-218).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ზიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას გადამწყვეტია, არსებობდეს საქმეთა შორის აუცილებელი კავშირი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულ ორ საქმეს შორის აუცილებელი კავშირის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა დ. შ-ზიას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

თ. შ-ზიას მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 10.07.07წ. განჩინებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მისი სარჩელი ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-ს მიერ 30.04.07წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ (ს.ფ. 197). აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხე დ. შ-ზია საჯარო რეესტრში აღირიცხა აწ გარდაცვლილი ს. შ-ზიას დანაშთი ქონების ნაწილის, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (ს.ფ. 163). სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე თ. შ-ზია ითხოვს აწ გარდაცვლილი ს. შ-ზიას დანაშთი ქონების ნაწილის _ მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას. შესაბამისად, ვიდრე არ გაირკვევა სადავო ქონებაზე _ სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე დ. შ-ზიას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონიერების საკითხი, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს ამავე ქონებაზე სხვა პირის _ თ. შ-ზიას საკუთრების უფლების საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერებულია კანონიერი საფუძვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. შ-ზიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.