Facebook Twitter

ას-987-1265-09 12 ნოემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. თ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – მ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ე, ო. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ არასრულწლოვან შვილსა და შვილიშვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 11 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. და ო. კ-ებმა ა. თ-ის მიმართ და ი. კ-ემ მოითხოვა შვილთან, ხოლო ო. კ-ემ _ შვილიშვილთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. და ო. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. კ-ეს შვილთან _ მ. კ-თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში ერთი დღე – კვირა 12-დან 18 საათამდე, ხოლო ო. კ-ეს კი _ შვილიშვილთან მ. კ-თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში ერთი დღე – კვირა 12-დან 18 საათამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. თ-მა (წარმომადგენელი მ. ნ-ე) და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა ხარვეზით, კერძოდ: არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებდან 5 დღე და განემარტა, რომ, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ ა. თ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს ხარვეზის განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გაეგზავნა 2009 წლს 27 აგვისტოს და ჩაჰბარდა 2009 წლის 2 სექტემბერს მამას _ თ. ნ-ეს.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტ ა. თ-ს (წარმომადგენელი მ. ნ-ე) ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

აღნიშნული განჩინება თერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. თ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა თავის კერძო საჩივარში მიუთითა, რომ: 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაჰბარდა მის მამას _ თ. ნ-ეს 2009 წლის 2 სექტემბერს მისამართზე: ქუთაისში, ........... 6/21-ში. განჩინება 5 _ დღიან ვადაში უშუალოდ მას არ ჩაჰბარებია, ვინაიდან მის მამას _ თ. ნ-ეს მისთვის პირადად ან რაიმე სხვა საშუალებით არ უცნობებია აღნშნული განჩინების შესახებ. (აღნიშნულის თაობაზე თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას). 2009 წლის 27 აგვისტოს ხარვეზის განჩინება მისთვის უცნობი იყო სანამ პირადად არ გაიგო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ, კერძოდ, 2009 წლის 2 სექტემბერს დილით მეუღლეს თ. მ-თან და 9 თვის მცირეწლოვან შვილთან დ. ნ-თან ერთად გაემგზავრა მამაპაპისეულ სოფელში – .......-ში რამოდენიმე დღით. (......... მაღალმთიანი სოფელია და კავშირგაბმულობის საშუალებით დაკავშირება თითქმის შეუძლებელია). ქუთაისში დაბრუნდა ოჯახთან ერთად 2009 წლის 9 სექტემბერს, რა დროსაც გაიგო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მის მამას ჩაჰბარებია 2009 წლის 2 სექტემბერს.

დადგენილია, რომ ხარვეზის განჩინება უშუალოდ მას ან მის მარწმუნებელს არ ჩაჰბარებია. დადასტურებულია ისიც, რომ განჩინება მამას _ თ. ნ-ეს მისთვის არ გადაუცია, ასევე დადგენილია, რომ იგი 2009 წლის 14 აგვისტოდან ცხოვრობდა ქუთაისში, ........... ქ. ¹15-ში, ასევე მისი კეთილსინდისიერება იმაში გამოიხატება, რომ მან, როგორც კი შეიტყო მოცემული ხარვეზის შესახებ, იმავე დღეს შეიტანა განცხადება, შეავსო ხარვეზი, გადაიხადა სახ. ბაჟი და თავი არ აურიდებია საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა 5 (ხუთი) დღე ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, ა. თ-ის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „მხარე ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათალსწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო შეზღუდული იმით, რომ განჩინება მხოლოდ წარმომადგენლისთვის გაეგზავნა. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ განჩინება გაუგზავნა ა. თ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ეს, რაც ჩაითვალა აპელანტისთვის შეტყობინებადაც.

საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიოდ უნდა ჩაითვალოს დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა იმის გამო, რომ განჩინება უშუალოდ მას არ ჩაჰბარებია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინება ჩაჰბარდა ა. თ-ის წარმომადგენლის _ მ. ნ-ის მამას, თ. ნ-ეს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩათვალა ადრესატისათვის ჩაბარებად და სწორედ ამ თარიღიდან აითვლებოდა გასაჩივრების ვადა. ამავე მუხლიდან გამომდინარე, მ. ნ-ის მამა თ. ნ-ემ იკისრა ვალდებულება, განჩინება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

a. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.