ას-988-1266-09 1 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ მ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება და ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 1 მაისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. თ-ძემ მოპასუხე მ. ბ-ძის მიმართ თანხის დაკისრების და დაყადაღებული ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ რ. თ-ძესა და მ. ბ-ძეს შორის 2001 წლის 20 მაისს ზეპირი ფორმით დაიდო 26 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება. 2008 წლის 21 მარტს ნოტარიული წესით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისად მ. ბ-ძემ აღიარა, რომ მას აქვს რ. თ-ძის ვალი 26 000 აშშ დოლარის ოდენობით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ვალს მ. ბ-ძე გადაიხდიდა 2009 წლის 1 მაისამდე. მოსარჩელე მოუთითებდა, რომ მ. ბ-ძეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას (ს.ფ. 2-13).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით რ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ბ-ძეს დაეკისრა 26 000 აშშ დოლარის გადახდა რ. თ-ძის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხის დაფარვის მიზნით დადგინდა მ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. მოპასუხეს ასევე დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის რ. თ-ძის მიერ გადახდილი 2000 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ. ბ-ძემ დაარღვია მხარეთა შორის 2008 წლის 21 მარტს ნოტარიული წესით გაფორმებული ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის და მოწმის ახსნა-განმარტებიდან არ დასტურდებოდა თანხის ნაწილის დაფარვის ფაქტი, ხოლო სხვა მტკიცებულება ვალის ნაწილის დაფარვის შესახებ მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი (ს.ფ. 68-72).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ იგი აღიარებდა ვალის არსებობას და განმარტავდა, რომ არსებობდა დამატებითი სამმხრივი შეთანხმება რ. თ-ძეს, მ. ბ-ძესა და დ. ბ-ძეს შორის, რომლის თანახმად რ. თ-ძის წინაშე არსებულ ვალს მ. ბ-ძე პერიოდულად იხდიდა დ. ბ-ძის ვალის დასაფარად. აპელანტი მიუთითებდა, რომ მის მიერ წარდგენილი ვალის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საგადასახადო ქვითრები სათანადოდ არ იქნა შეფასებული (ს.ფ. 75-80).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა რ. თ-ძემ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, რომელმაც აღნიშნული მომსახურებისათვის მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრება მოითხოვა (ს.ფ. 91-101).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 110-111).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 1888,28 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 82-87).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ბ-ძეს ხარვეზის შესახებ განჩინებით, ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, განჩინება გაეგზავნა 2009 წლის 12 აგვისტოს და 2009 წლის 15 აგვისტოს ჩაჰბარდა მ. ბ-ძის ძმისშვილს _ გ. ბ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია მ. ბ-ძისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული (ს.ფ. 115-118).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განჩინება 2009 წლის 15 აგვისტოს ჩაჰბარდა მის ძმისშვილს _ გ. ბ-ძეს, ხოლო მას გზავნილი არ ჩაჰბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 124-127).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. ბ-ძეს განესაზღვრა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად 7-დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება გაგზავნილია მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალშენი. აღნიშნული გზავნილი ჩაჰბარდა გ. ბ-ძეს, მ. ბ-ძის ძმისშვილს 2009 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ. 89). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის ძმისშვილი გ. ბ-ძე წარმოადგენს მ. ბ-ძესთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს შეტყობინებას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ბ-ძე წარმოადგენს მ. ბ-ძესთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრს, აღნიშნული არც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურდა. შესაბამისად, ხარვეზის შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარება ვერ ჩაითვლება აღნიშნული განჩინების მ. ბ-ძისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება და მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.