საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-991-1292-07 17 მარტი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-აძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. კ-აძემ 2007 წლის 11 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დირექტორის 2007 წლის 18 მაისის ¹35 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1989 წლიდან 2007 წლის 18 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორად, ხოლო აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილებით განხორციელდა ხელვაჩაურის რაიონის კულტურის სახლის, ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეორგანიზაცია და მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი. აღნიშნულის შემდგომ, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დირექტორის 2007 წლის 18 მაისის ¹35 ბრძანებით, ვ. კ-აძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება გამოიცა აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის ¹12 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით (ტომი 1, ს.ფ. 1-3).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ვ. კ-აძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დაფუძნებისა და შტატების შემცირების გამო (ტომი 1, ს.ფ. 33-34).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. კ-აძე აღდგენილი იქნა სამსახურში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სპეციალისტად (ტომი 1, ს.ფ. 58).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 61-63).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 2, ს.ფ. 7-10).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს” დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (ტომი 3, ს.ფ. 3-4).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2007 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო ხარვეზის შევსებისათვის მიცემული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 2007 წლის 24 ოქტომბერს. სსიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2007 წლის 25 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 3, ს.ფ. 17-20).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა სსიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ხარვეზის შესავსებად მიეცა 7-დღიანი ვადა, მას გადაეცა 17 ოქტომბერს. სსიპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის“ მიერ ხარვეზის გამოსწორება მოხდა სწორედ აღნიშნულ ვადაში, კერძოდ, 2007 წლის 22 ოქტომბერს სააქციო საზოგადოება „ .. ..-ის“ ბათუმის ფილიალში გადაიხადა 150 ლარი. აღნიშნულს ადასტურებდა საგადასახადო დავალება ¹35, რომელზეც დატანილია თანხის მიმღები ბანკის შტამპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ დარღვეულა სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა, რადგან სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, თუ როდის მოხდა რეალურად ხარვეზის გამოსწორება, ანუ თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე და არა იმაზე, თუ როდის ჩაბარდა ფოსტას სასამართლოსათვის გასაგზავნი წერილი (ტომი 3, ს.ფ. 27-29).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება, სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (ტომი 3, ს.ფ. 3-4). ამავე სასამართლოს 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი 3, ს.ფ. 17-20).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგად ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, მართალია, სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს” განესაზღვრა საპროცესო ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე ხარვეზის შესავსებად, მაგრამ იმავდროულად აპელანტს არ განემარტა აღნიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება. 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინება არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში უნდა წარედგინა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება არასწორად მიუთითებს იმაზე, რომ მხარემ სასამართლოს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება და სსიპ “ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.