Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-992-1192-08 22 დეკემბერი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ე. კ-აძე (წარმომადგენლები: გ. წ-აძე, რ. ბ-იძე, თ. ჭ-იძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. დ-აძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ რეპუტაციის შელახვისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრება, ნივთების ღირებულების ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 2 ივნისს ქედის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. დ-აძემ მოპასუხე ე. კ-აძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან რეპუტაციის შელახვის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ქორწინებამდე ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება (ს.ფ. 3-13).

რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის მეორე მოთხოვნა დაზუსტდა და საბოლოოდ ქორწინებამდე ნაჩუქარი ოქროს ნივთების დაბრუნების ნაცვლად მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ნივთების ღირებულების ანაზღაურება (ს.ფ. 44-48).

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. კ-ეს ს. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქორწინებამდე ნაჩუქარი ოქროს ნივთების ღირებულების _ 2390 ლარის ანაზღაურება, მასვე დაევალა ს. დ-თვის მორალური ზიანის მიყენებისა და რეპუტაციის შელახვის გამო ბოდიშის მოხდა აჭარის რეგიონალურ გაზეთ “მთიანეთის” მეშვეობით (ს.ფ. 50-52).

მითითებული გადაწყვეტილება ე. კ-ემ (წარმომადგენლები: რ. ბ-ძე, თ. ჭ-ძე) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 58-66).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით ე. კ-ეს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 72-74).

2008 წლის 4 სექტემბერს ე. კ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარადგინა (ს.ფ. 80-82).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ე. კ-ის (წარმომადგენლები: რ. ბ-ძე, თ. ჭ-ძე) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ე. კ-ეს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ე. კ-ეს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მის წარმომადგენლებს რ. ბ-სა და თ. ჭ-ეს _ 2008 წლის 18 აგვისტოს. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტის წარმომადგენლებმა საქართველოს ფოსტის ფილიალ “აჭარის ფოსტაში” შეიტანეს 2008 წლის 4 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ამოწურვიდან 16 დღის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ე. კ-სა და მის წარმომადგენლებს რ. ბ-ესა და თ. ჭ-ეს ხარვეზი არ შეუვსიათ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 87-91).

ზემოაღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. კ-ემ (წარმომადგენლები: გ. წ-ძე, რ. ბ-ძე, თ. ჭ-ძე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს მოცემულ დავასთან დაკავშირებით გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას და მოწმეთა დაკითხვას.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ივლისის განჩინება აპელანტის წარმომადგენლებს _ რ. ბ-სა და თ. ჭ-ეს 2008 წლის 8 აგვისტოს ვერ ჩაჰბარდებოდათ. საფოსტო კონვერტზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან აღნიშნული გზავნილის გასვლის თარიღად მითითებულია 2008 წლის 8 აგვისტო, რაც იმავე დღეს ბათუმში მცხოვრები ადრესატებისათვის მის ჩაბარებას გამორიცხავს.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების გამო 2008 წლის 9 აგვისტოდან შეწყვეტილი საფოსტო გადაზიდვები მხოლოდ 27 აგვისტოს განახლდა, რაც ასევე გამორიცხავდა რ. ბ-სა და თ. ჭ-თვის სასამართლო გზავნილის 2008 წლის 8 აგვისტოს ჩაბარებას. აღნიშნული მიზეზით ასაბუთებს კერძო საჩივრის ავტორი მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის 2008 წლის 9 აგვისტოს ჩაბარების შეუძლებლობას. ამასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება მის ხელმოწერას არ შეიცავს და იგი გაყალბებულია, რასაც შესაბამისი კურიერიც (მისი დაკითხვის შემთხვევაში) დაადასტურებს (ს.ფ. 96-97; 104-105).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-აძის (წარმომადგენლები: გ. წ-აძე, რ. ბ-იძე, თ. ჭ-იძე) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტსა და მის წარმომადგენლებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე (ს.ფ. 75, 76). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ე. კ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 9 აგვისტოს (ს.ფ. 79), ხოლო წარმომადგენელთათვის საადვოკატო ბიუროს მისამართზე გაგზავნილი განჩინების ასლის ჩაბარება მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს (ს.ფ. 78). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2008 წლის 18 აგვისტოს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.

ის გარემოება, რომ საფოსტო კონვერტზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გზავნილის გასვლის თარიღად მითითებულია 2008 წლის 8 აგვისტო, სრულიად არ გამორიცხავს ბათუმში მყოფ ადრესატთათვის მოცემული გზავნილის იმავე დღეს, ხოლო ქედაში მყოფი ადრესატისთვის მეორე დღეს ჩაბარების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან ე. კ-აძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ე. კ-აძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. კ-აძის (წარმომადგენლები: გ. წ-აძე, რ. ბ-იძე, თ. ჭ-იძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.