ას-992-1270-09 14 დეკემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ასლი და ტ. ბ-ოვების კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე – სს “პროკრედიტ ბანკის” სარჩელის გამო ასლი და ტ. ბ-ოვების მიმართ შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ასლი და ტ. ბ-ოვებს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. (ს.ფ. 163-164).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ასლი და ტ. ბ-ოვებს და მათ წარმომადგენელ ჯ. მ-ოვს გაეგზავნა 2009 წლის 22 ოქტომბერს (ს.ფ. 165-166). ასლი და ტ. ბ-ოვებს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდათ 2009 წლის 13 ნოემბერს, ხოლო მათ წარმომადგენელ ჯ. მ-ოვს 2009 წლის 24 ნოემბერს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ (ს.ფ. 167-168).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასლი და ტ. ბ-ოვების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ასლი და ტ. ბ-ოვების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.