¹ას-992-1293-07 19 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს «შ. ზ. ა. ბ-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «შ. ზ. ა.” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 22 აპრილს სს « შ. ზ. ა. ბ-ში” გახსნა საანაბრო ანგარიში, რომელზეც 1998 წლის 24 აპრილს შეიტანა 27000 ლარი, ხოლო 1998 წლის 1 ივნისს 3000 ლარი, სულ 30001 ლარი. ბ-მა თანხა გადარიცხა ბათუმის საზღვაო აკადემიაში, თუმცა თანხა დანიშნულების ადგილზე ვერ მოხვდა იმის გამო, რომ მოპასუხეს იმ დროსათვის არ გააჩნდა ფულადი სახსრები. ამის შემდეგ ბ-ი ვალდებული იყო კუთვნილი თანხა დაებრუნებინა მოსარჩელის ანგარიშზე, რის გამოც ბ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა მოსარჩელეს შეპირდა, რომ ანაბრის მთლიანი თანხის ჯერ ნახევარს - 14600 ლარს გადაუხდიდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ დარჩენილ 15 400 ლარს. მოსარჩელის განმარტებით ანაბრის წიგნაკში მასთნ Aშეუთანხმებლად ბ-ის თანამშრომლებმა გააკეთეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თითქოს მან ბ-საგან 14600 ლარი მიიღო, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რამდენადაც საანაბრე ანგარიშზე რიცხული ანაბრის თანხიდან ბ-ს მისთვის არაფერი მიუცია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ანაბრის მთლიანად დაბრუნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს « შ. ზ. ა. ბ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15400 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტლებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს « შ. ზ. ა. ბ-მა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს « შ. ზ. ა. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს « შ. ზ. ა. ბ-მა”. მან მიუთითა, რომ პროცესის ჩატარების შესახებ მათ უწყება არ ჩაჰბარებიათ. სს « შ. ზ. ა. ბ-მა” შეიცვალა მისამართი. ამის შესახებ მათ აცნოებს სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ ძველ მისამართზე გააგზავნა უწყება. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განუხილველად დატოვების განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს « შ. ზ. ა. ბ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ სასამართლო უწყებები სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმოადგენლები მოვალენი არაინ აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნლ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მათ შეატყობინეს მისამართის შეცვლის თაობაზე. აქედან გამომდინარე მათთვის უცნობი იყო პროცესი დანიშვნის დღე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სს « შ. ზ. ა. ბ-ს” არ უცნობებია სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლოში არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარეების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარეების მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს « შ. ზ. ა. ბ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.