¹ ბს-1086-928-კ-04 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 12 თებერვალს ზ. ჯ.-ს, ი. ა.-ის და ე. ბ.-ს წარმომადგენელმა მ. ჩ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის ზ. ჯ.-ს სასარგებლოდ _ 119628 ლარის, ე. ბ.-ს სასარგებლოდ 34351 ლარის, ხოლო ი. ა.-ის სასარგებლოდ 67611 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
თბილისის 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად მათ გაუნადგურდათ ქონება, რის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა ზ. ჯ.-ს მიმართ _ 119628 ლარი, ე. ბ.-ს მიმართ _ 34351 ლარი, ხოლო ი. ა.-ის მიმართ _ 67611 ლარი შეადგინა, კერძოდ, ზ. ჯ.-ს სარჩელით მიმართვის დროისათვის მიღებული არ ჰქონდა 119828 ლარი, ე. ბ.-ს _ 34351 ლარი, ხოლო ი. ა.-ს _ 67611 ლარი. იმავე წლის 8 დეკემბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა მ. ჩ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოცემულ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს მოპასუხედ ჩაბმა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზ. ჯ.-ს სასარგებლოდ 53764 აშშ დოლარის, ი. ა.-ისათვის _ 30395 აშშ დოლარის, ხოლო ე. ბ.-სათვის _ 15437 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე მხარემ _ ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მან თავისი ვალდებულებები დაზარალებულთათვის ბინების მშენებლობის ნაწილში შეასრულა, სხვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება კი ფინანსთა სამინისტროს უნდა დაკისრებოდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს ზ. ჯ.-ს სასარგებლოდ _ 5376 აშშ დოლარის, ი. ა.-ის სასარგებლოდ _ 30395 აშშ დოლარის, ხოლო ე. ბ.-ს სასარგებლოდ _ 15437 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ქ. თბილისის მერიამ, ისე ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქ. თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით და 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქ.თბილისის მერიამ შეასრულა, კერძოდ, მან ააშენა, აღადგინა და ექსპლუატაციაში ჩააბა 16200 კვ.მ. 2476 დაზარალებული ოჯახის დარჩენილი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა _ 6820390 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
მეორე აპელანტმა _ ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურების მიზნით 1996-97 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში 5 მილიონი ლარის გათვალისწინება, ამდენად, მას ევალებოდა ბიუჯეტის კანონის პროექტში თანხების ასანაზღაურებლად საკითხის შეტანა და არა კანონში 5 მილიონი ლარის დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციაა. ამდენად, ფინანსთა სამინისტრო თანხებს ვერ გასცემდა, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, მოსარჩელეებს სარჩელი ფინანსთა სამინისტროს მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ 3 წლიან ვადაში არ წარუდგენიათ, რის გამოც მათი მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 25 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების დროს ზ. ჯ.-სათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 119628 ლარი, ი. ა.-ისადმი მიყენებულმა _ 67611 ლარი, ხოლო ე. ბ.-სადმი მიყენებულმა ზარალმა _ 3435 ლარი შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ მითითებულ პირებს ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურდათ, მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს და საბოლოოდ მოითხოვეს ზ. ჯ.-სთვის _ 5376 აშშ დოლარის, ი. ა.-ისთვის _ 30395 აშშ დოლარის, ხოლო ე. ბ.-სთვის _ 15437 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონულმა სასამართლომ როგორც ქ.თბილისის მერია, ისე ფინანსთა სამინისტრო მართებულად მიიჩნია სოლიდარულ მოვალეებად, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების საფუძველზე, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო, შეემუშავებინა კონკრეტული წინადადებები შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაძებნად და აესახა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ხოლო თანხების ასათვისებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქ.თბილისის მერიას დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ, მართალია, მოსარჩლეებს ზიანი 1991-92 წლებში თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად მიადგათ და სარჩელი 2003 წელს აღძრეს, მაგრამ, რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო როგორც ძველი, ისე ახალი სკ-ის შესაბამისი ნორმები, რომელთა თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, რის გამოც აპელანტის მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფინანსთა სამინისტრომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციია და ამდენად, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არ იყო.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის საკითხზეც და მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, ვინაიდან 1997 წლიდან მათ გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 25 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების დროს ზ. ჯ.-სათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 119628 ლარი, ი. ა.-ისადმი მიყენებულმა _ 67611 ლარი, ხოლო ე. ბ.-სადმი მიყენებულმა ზარალმა _ 3435 ლარი შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ მითითებულ პირებს ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურდათ, მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს და საბოლოოდ მოითხოვეს ზ. ჯ.-სთვის _ 5376 აშშ დოლარის, ი. ა.-ისთვის _ 30395 აშშ დოლარის, ხოლო ე. ბ.-სთვის _ 15437 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ სადავო თანხის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, რადგან “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ: “ქ. თბილისის 1991წ. დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში – მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად – ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ის 473-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან, მართალია, მოსარჩელეებს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგათ და სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე 2003 წელს აღძრეს, მაგრამ რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ის 1997წ. 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ, დაზარალებულთა სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 25 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.