Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№681აპ-17 ქ. თბილისი

ღ ი, 681აპ-17 22 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი----- ღ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით ი. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 18 ნოემბრიდან.

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ი. ღ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. ღ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” 125 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი, რასაც ასევე ინახავდა უკანონოდ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2016 წლის 18 ნოემბერს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ, ო–ის ა-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ღ-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ი. ღ-ის გამართლება, იმ მოტივით, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული, რომ რომელიმე კონვალუტაში მოთავსებული აბი დაზიანებული იყო და რომ ერთი მოთავსდა ცალკე; არ არის უარყოფილი ეჭვი, რომ ფუთაში გახვეული პაკეტი შემდეგ არ გაიხსნა და მისი პირვანდელი ნიშან-თვისებები უცვლელად დარჩა; ამასთან, ფუთაზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა; შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა ვიდეოჩანაწერები; პოლიციელ მოწმეთა გარდა სხვა მოწმე არ არსებობს და განყოფილებიდან ო–ის ა-ზე მისვლა 18 წუთში იყო შეუძლებელი; ი. ღ-მ დუმილის უფლება სააპელაციო სასამართლოში დაარღვია და სასამართლოს უამბო დარღვევების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლისა და პოლიციელების საქმით დაინტერესების შესახებ, რაზედაც სასამართლომ მიმართა პროკურორს, დაწყებულიყო გამოძიება ამ საკითხებზე; საქმეზე „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენება ნეიტრალურ მოწმეთა არ არსებობის პირობებში საკმარისი არ არის.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. ღ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის პრეტენზიებს (მათ შორის: სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სახით მხოლოდ პოლიციელ მოწმეთა ჩვენებებთან, გადაწყვეტილების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობისა და დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზების არარსებობასთან დაკავშირებით) არგუმენტირებული პასუხები გასცა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №262აპ-17 გადაწყვეტილება).

9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას გამოძიების სტადიაზე ი. ღ-ზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შესახებ საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებულს სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე