ას-998-1197-08 13 თებერვალი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ჯმჯ დისტრიბუტორი რავ-ბარიახი» (მოპასუხე)
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. მ-შვილის წარმომადგენელმა ნ. ს-ძემ 2007 წლის 6 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ჯმჯ დისტრიბუტორ რავ-ბარიახის“ წინააღმდეგ საიჯარო ქირის - 5000 აშშ დოლარის, რემონტის ხარჯების - 2000 აშშ დოლარის, ზიანის - 2000 აშშ დოლარის, რკინის კარის ღირებულების - 1500 აშშ დოლარის, სატელეფონო საუბრის დავალიანების 240 ლარისა და მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შორის 2007 წლის 30 თებერვლიდან არსებობდა ფართის იჯარის ზეპირი ხელშეკრულება, რაც 2007 წლის 15 მარტს გაფორმდა წერილობით. ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია 2007 წლის აგვისტოში, კერძოდ, არ გადაიხადა იჯარის თანხა და მიატოვა ფართი ისე, რომ ფართის დაბრუნებაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა. აღნიშნული ფართიდან დაიკარგა მოძრავი ნივთები (3 მაგიდა, 10 სკამი, მაცივარი, 12 ნათურა, 4 რკინის კარი) მოპასუხემ გაანადგურა რემონტი, რითაც მოსარჩელეს მიაყენა 2000 აშშ დოლარის ზიანი. დაუტოვა სატელეფონო მომსახურების დავალიანება - 240 ლარი. ა. მ-შვილმა ვერ მოახერხა ფართის გაქირავება და იძულებული გახდა, ბანკიდან აეღო სესხი 2000 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ჯმჯ დისტრიბუტორ რავ-ბარიახს” ა. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარი. მასვე დაეკისრა ა. მ-შვილის სასარგებლოდ 105 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ა. მ-შვილს უარი ეთქვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. მ-შვილმა.
ვინაიდან ა. მ-შვილს სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით აპელანტს მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. მ-შვილის სახელზე გაგზავნილი ხარვეზის განჩინება 2008 წლის 18 სექტემბერს ჩაჰბარდა მის მეუღლეს – ლ. მ-შვილს. ხარვეზის შევსების 10 – დღიანი ვადის დენა დაიწყო 2008 წლის 19 სექტემბერს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 29 სექტემებრს. ა. მ-შვილმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა ამოიწურა 2008 წლის 29 სექტემბერს, მან კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ბანკში 2008 წლის 27 სექტემებრს, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო დროულად წარედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა. მ-შვილს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება 2008 წლის 18 სექტემბერს ჩაჰბარდა მის მეუღლეს – ლ. მ-შვილს. ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2008 წლის 29 სექტემებრს, თუმცა ამ ვადაში აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2008 წლის 27 სექტემბერს, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო სასამართლოში მისი წარდგენა. მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ა. მ-შვილს არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა კანონის ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.