საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-999-1300-07 18 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. გ-შია (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. კ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ვ-აშვილის უფლებამონაცვლე ა. ს-აძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ვ-აშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. გ-შიას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის აპრილში მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ...ის ქ.¹8-ში მდებარე ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე. მოპასუხე უკანონოდ ცხოვრობს რ.ვ-აშვილის კუთვნილ ბინაში და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუქციონზე ბინის გასხვისება მოხდა უკანონოდ, რაც მან გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ვ-აშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. გ-შია, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, ქ.თბილისში, ...ის ქ. ¹8-ში მდებარე ბინიდან გამოსახლდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ს-აძემ იშუამდგომლა პალატის წინაშე რ. ვ-აშვილის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 4 იანვარს მოსარჩელისაგან იყიდა სადავო ბინა და გახდა მისი მესაკუთრე.
მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან იგი დაყენებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული ფორმის დარღვევით, ამასთან, ა.ს-აძეს საქმეში ჩაბმა აქამდე უნდა მოეთხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ს-აძის წარმომადგენელ მ.წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ა. ს-აძე საქმეში ჩაება რ. ვ-აშვილის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 4 იანვარს რ. ვ-აშვილსა და ა. ს-აძეს შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ა.ს-აძე. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. გ-შიას წარმომადგენელმა გ. კ-აძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ა.ს-აძის შუამდგომლობა არასწორად დააკმაყოფილა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ადგენს უფლებამონაცვლეობის შესაძლო შემთხვევებს, რომელთაგან არც ერთი მესაკუთრის შეცვლისას ახალი მესაკუთრის უფლებამონაცვლეობის შესაძლებას არ გულისხმობს. ამასთან, სადავო შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, ზეპირი ფორმით. აღნიშნული შუამდგომლობა არ შეიძლება ჩაითვალოს არსებითი გარემოების საფუძველზე სასამართლო სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობად, რადგან სადავო ბინა ა.ს-აძემ შეიძინა ჯერ კიდევ 2006 წელს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 14 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე შეტანილი ა.ს-აძის განცხადება საქმის გაცნობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-შიას წარმომადგენელ გ. კ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში რ.ვარდიაშვილის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ.გაბეშიას უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ...ის ქ.¹8-ში მდებარე ბინის გამოთხოვის შესახებ ემყარება სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2006 წლის 4 იანვარს რ.ვარდიაშვილმა სადავო ბინა მიჰყიდა ა. ს-აძეს, რის შედეგად ნივთზე საკუთრების უფლება გადავიდა ამ უკანასკნელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოქალაქის გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემისა და სხვა შემთხვევებში კანონმდებელი ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლასა და მის უფლებამონაცვლეობას. განსახილველ შემთხვევაში მოსაჩელე რ.ვ-აშვილმა მიჰყიდა რა კუთვნილი უძრავი ნივთი ა.ს-აძეს, ამავდროულად დაუთმო მას უფლება, მოეთხოვა გარიგების საგნის _ სადავო ბინის საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა აღნიშნული ნორმით და ა.ს-აძე რ.ვ-აშვილის უფლებამონაცვლედ საქმეში მართებულად ჩააბა.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ა. ს-აძემ სადავო შუამდგომლობა წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, ვინაიდან ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონისმოთხოვნათა სრული დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. გ-შიას წარმომადგენელ გ. კ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
ბ.გაბეშია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.