Facebook Twitter

ა-1345-ა-47-06 26 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ. ლ-ა

წარმომადგენელი _ ზ. ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ პირის გარდაცვლილად გამოცხადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს მისი მეუღლის _ მ. ლ-ს გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. 1993 წლიდან მ. ლ-ა მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აფხაზეთში გამართულ ბრძოლებში, სადაც მიიღო სხეულის დაზიანებები და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა. 1999 წელს იგი მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ნ. ლ-ს განმარტებით, მან მეუღლე უკანასკნელად 2000 წლის 19 იანვარს მისი მეგობრის სახლში მძიმედ ავადმყოფი ნახა, რის შემდეგ მ. ლ-ა აღარავის უნახავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, მ. შ-ს ძე ლ-ა გამოცხადდა გარდაცვლილად, მ. ლ-ს გარდაცვალების დღედ ჩაითვალა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, მოქალაქეობრივი მდგომარების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა შესაბამისი ჩანაწერის განხორციელება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა, რომ მ. ლ-ს გარდაცვალების დღედ ცნობილიყო მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამავე თარიღის სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ნ. ლ-მ მოითხოვა განჩინება დასაბუთების გარეშე, ვინაიდან დაეთანხმა მის შინაარსს.

2006 წლის 13 თებერვალს ნ. ლ-მ ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი და მის გასაჩივრებაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ნ. ლ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას 2006 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლები: ნ. ლ-მ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე უარი თქვა საქმის განმხილველი მოსამართლის ზეწოლისა და იურიდიული განათლების არქონის გამო, რის შედეგად მოესპო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლების განხორციელების საშუალება. ამასთან, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. ს-მა ¹2/522 საქმეზე 2001 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. ლ-ს მოთხოვნა მ. ლ-ს უგზოუკლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ უკანონოდ არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო საჩივარი განიხილა შემადგენლობამ მ. ს-ის თავმჯდომარეობით, რა დროსაც მხარეს უარი ეთქვა მ. ლ-ს გარდაცვლილად გამოცხადების დღედ 2000 წლის 21 იანვრის დადგენის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ს წარმომადგენელ ზ. ქ-ს განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე წერილობით უარი განაცხადა.

ნ. ლ-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას. ახლად აღმოჩენილად მხარემ მიიჩნია ის გარემოებები, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველმა მოსამართლემ იურიდიული განათლების არმქონე მხარე შეცდომაში შეიყვანა, რის შედეგად ნ. ლ-მ ამავე პალატის განჩინების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. ამასთან, განმცხადებლის მონაწილეობით პირველი ინსტანციის წესით სამოქალაქო საქმე ნ. ლ-ს მეუღლე მ. ლ-ს უგზოუკლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ განიხილა მოსამართლე დ.ს-მა, ხოლო წარმოდგენილი საქმე საკასაციო წესით განიხილა მოსამართლე მ.ს-მა. მითითებულმა მოსამართლეებმა ნ.ლ-ს მოთხოვნები უკანონოდ არ დააკმაყოფილეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობისას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება. მოცემულ შემთხვევაში ნ.ლ-ს მიერ მითითებული საფუძვლები დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული ვერ იქნება, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მხარის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანაზე უარის თქმის შესახებ ერთხელ უკვე იმსჯელა და ჩათვალა, რომ ნ.ლ-მ სადავო საკითხზე წერილობით გამოხატა რა თავისი ნება, მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, საკასაციო პალატაში საქმის განმხილველი შემადგენლობის თავმჯდომარისა და ნ. ლ-ს მიერ სხვა სამოქალაქო საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლის გვარების დამთხვევის შესახებ, აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილად ასევე ვერ ჩაითვლება, რადგან ამ საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ს წარმომადგენელ ზ. ქ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ს წარმომადგენელ ზ. ქ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.