Facebook Twitter

¹ა-1225-ა-50-06 2 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – დ. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. და ა. შ-ები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჩ-მ და ა. ი-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ ჯ. და ა. შ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ჯ. და ა. შ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2005 წლის 30 ნოემბერს დ. ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოსადგენად. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხარვეზის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2006 წლის 4 აპრილს. საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დ. ჩ-ს განცხადება, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, დარჩა განუხილველი, რაზეც მხარემ შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მითითებული ხარვეზი გამოასწორა და დ. ჩ-ს განცხადება არასწორად დარჩა განუხილველი. ამასთან, საკასაციო პალატას დაგვიანებით გადაეცა დ. ჩ-ს დაზუსტებული განცხადება, რომელზე თანდართული კონვერტით ირკვევა, რომ განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად მასალები საფოსტო განყოფილებაში დროულად _ 2006 წლის 14 აპრილს ჩააბარა. ამასთან, აღნიშნული მასალები გადმოცემულ იქნა 2006 წლის 17 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება დ. ჩ-ს განცხადებაზე ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დ. ჩ-ს განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დ. ჩ-ს განცხადება, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, დარჩა განუხილველი.

დ. ჩ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის განცხადება საფუძვლიანია და დ. ჩ-ს განცხადება ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არასწორად დარჩა განუხილველი, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია დ. ჩ-ს დაზუსტებული განცხადება, რომლითაც მხარემ ხარვეზი გამოასწორა. ამასთან, დაზუსტებულ განცხადებაზე თანდართული კონვერტით ირკვევა, რომ მხარემ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად მასალები საფოსტო განყოფილებაში დროულად _ 2006 წლის 14 აპრილს ჩააბარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საფუძვლიანია, ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და ამავე სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დ. ჩ-ს განცხადებაზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ჩ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება.

განახლდეს საქმის წარმოება დ. ჩ-ს განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.