Facebook Twitter

¹ა-1243-ა-51-06 23 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ვ. დ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ს...ისა” და შპს “ .. ..” მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 18 აგვისტოს ვ. დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... და ... სამინისტროსა, “ს...ის” მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1977 წელს ქ.ბათუმში, თავის კუთვნილ ბინაში დაიდგა ტელეფონი - ნომრით ... . იგი ყოველთვიურად, როგორც კეთილსინდისიერი აბონენტი, იხდიდა გადასახადს. 2003 წლის აგვისტოში, ტელეფონი გაუთიშეს იმ მოტივით, რომ ძველ კაბელს ცვლიდნენ ახლით. ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ 2-იანი ინდექსი გადადის სამიანზე და ამისათვის შპს “ს...ი” ითხოვს 200 ლარს.

2003 წლის სექტემბერში მიმართა ქ.ბათუმის ...ს – გ. ა-ს თხოვნით, რომ, როგორც ინვალიდისთვის, შეენარჩუნებინათ მისთვის წინანდელი ნომერი ან დაეკლოთ ფასი. ბათუმის ... განცხადება ... სამინისტროს გადაუგზავნა, მან კი, თავის მხრივ, შპს “ს...ს”. 2003 წლის ოქტომბრიდან დადიოდა შპს “ს...ში” თხოვნით, რომ აღედგინათ მისი ძველი ნომერი ან ჩაერთოთ ახალი, სადაც ისევ 200 ლარი მოსთხოვეს. შემდგომ მიმართა ქ.ბათუმის ... საამქროს, სადაც აცნობეს, რომ ძველი ნომრის 2-იანი ინდექსით აღდგენა შეუძლებელია, რადგან მისი უბანი 3-იანის გადართვის ზონაშია მოქცეული და გადართვის თაობაზე კი შპს “ს...ის” დირექტორს უნდა მიმართოს. შპს “ს...ი” არც ერთ განცხადებაზე პასუხს არ აძლევდა. 2004 წლის 21 ივნისს ჩაურთეს ტელეფონი, ნომრით ... . ამ ფაქტის გამო მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, გადაიტანა დიდი სულიერი ტანჯვა და მიიღო მორალური ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ვ. დ-ის სარჩელი შპს “ .. ..” მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შპს “ს...ის” მიმართ შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. დ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.