¹ა-522-ა-52-06 15 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – კ. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2006 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
... დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზ. შ-მა სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში კ. ზ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე წყნეთის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ახორციელებს უკანონო მშენებლობას.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ზ-მა.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ იყო გადახდილი, სასამართლომ აპელანტს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად (ს.ფ.39).
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად (ს.ფ.42).
კ. ზ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ მან განჩინებაში მითითებულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, 2005 წლის 14 სექტემბერს, ხოლო 2005 წლის 18 ივლისის ხარვეზის განჩინებაში მითითებულია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა განსაზღვრულია განჩინების ასლის ჩაბარებიდან 16 სექტემბრამდე (ს.ფ.47).
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ს.ფ.57).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინება (ს.ფ.65).
კ. ზ-მა განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. (ს.ფ.73).
განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად და, შესაბამისად, განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი განცხადებასთან ერთად ჩააბარა ფოსტაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და თვლის, რომ კ. ზ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილევლად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ზ-მა. სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინება. კ. ზ-მა განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, განმცხადებელი მოითხოვს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებას, მაგრამ განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, რითაც განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი. იგი განცხადებაში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი განცხადებასთან ერთად დროულად ჩააბარა ფოსტაში. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათლად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ეს არ ცვლის განსჯადობას. უზენაესი სასამართლოს განჩინება არის კერძო საჩივარზე მიღებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში და არა იმ სასამართლოში, რომელმაც უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ განცხადებაზე ვერ იმსჯელებს საკასაციო სასამართლო, ვინაიდან განცხადება არის სააპელაციო სასამართლოს განსჯადი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კ. ზ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს განსჯადია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, 431-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ზ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.