საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №695აპ-17 ქ. თბილისი
კ-ე ი-, 695აპ-17 15 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ი. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 28 იანვრიდან იმავე წლის 21 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2009 წლიდან …..მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მცხოვრები ი. კ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. მ-თან. 2015 წლის დეკემბერში ნ. მ-ე, რადგან მეუღლე სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ძალადობდა მასზე, საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. 2016 წლის ნოემბერში მეუღლის თხოვნით ნ. მ-ე დაბრუნდა ოჯახში, რის შემდეგაც ი. კ-მ კვლავ დაუწყო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო 2017 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ი. კ-თვის მეუღლისაგან ცნობილი გახდა მისი ორსულობის შესახებ. იგი მოითხოვდა მისგან ნაყოფის მოცილებას, უარის მიღების შემდეგ კი ამცირებდა, აშანტაჟებდა და ძალადობდა მასზე. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ე წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს აყენებდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. 2017 წლის 27 იანვარს ი. კ-მ ისევ იძალადა ორსულ მეუღლეზე - ნ. მ-ზე და იმის გამო, რომ მან მშობლებს შეატყობინა მეუღლის მიერ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, შეურაცხყო, დაამცირა და იძალადა მასზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ ხელებითა და ფეხებით სცემა მას, რითაც წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ი. კ-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ი. კ-თვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის - 2000 ლარის დაკისრების თაობაზე.
ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 28 იანვრიდან იმავე წლის 21 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
4. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. კ-თვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ი. კ-თვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმებასა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ი. კ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული მისთვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების წინააღმდეგი არ არის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი