¹ბს-1087-666(კ-05) 2 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 15 მარტს კ. და ი. კ-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეების მამა _ ვ. კ-ე დაპატიმრებულ იქნა 1937 წელს, სიკვდილით დაისაჯა 1938 წელს, ხოლო რეაბილიტირებულ იქნა 1957 წელს. მოსარჩელეთა დედა _ ს. კ-ე _ დაპატიმრებულ იქნა 1937 წელს, მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1945 წლამდე გადასახლებული იყო უკიდურეს ჩრდილოეთში _ ვორკუტაში, რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს, გარდაიცვალა 1991 წელს.
მოსარჩელეთა განმარტებით, დედის დაპატიმრებისთანავე ჩამოერთვათ ქ. თბილისში, ... მდებარე კეთილმოწყობილი, ოროთახიანი ბინა და კონფისკაცია გაუკეთდა კ-ების ოჯახის მთელ ქონებას. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის 1937წ. 15 აგვისტოს ¹00486 ბრძანების საფუძველზე 1937წ. 4 ნოემბრის ღამეს მცირეწლოვანი მოსარჩელეები იძულებით მოათავსეს ნავთლუღის ბავშვთა სპეცმიმღებში, სადაც იმყოფებოდნენ გაუსაძლის პირობებში. თვენახევრის შემდეგ მოსარჩელეები გადაყვანილ იქნენ სტავროპოლის მხარის არზგირის რაიონის დაბა ნიკოლო-ალექსანდროვსკის სპეციალურ ბავშვთა სახლში, სადაც ასევე აუტანელ პირობებში დაჰყვეს ორი წელი სტავროპოლის მხარის შინსახკომის მეთვალყურეობის ქვეშ.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ თავი დააღწიეს ბავშვთა სახლს, საცხოვრებლად დაბრუნდნენ საქართველოში და სრულწლოვნებამდე ცხოვრობდნენ აჭარაში ნათესავებთან. მოსარჩელეთა განმარტებით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და სამსახურში ყოფნის დროს მუდმივად იმყოფებოდნენ პოლიტიკური და სოციალური წნეხის ქვეშ, რამაც გამოიწვია მათი ნერვული სტრესი და ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 1998 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს მთავრობისგან ითხოვეს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 1030000 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას 1997 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა კომპენსაციის საკითხი უნდა დარეგულირებულიყო კანონით, რომელიც ჯერ მიღებული არ იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით კ. და ი. კ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. და ი. კ-ებმა.
კასატორთა განმარტებით, სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამასთან, სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეტანა კერძო განჩინება საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგანაც 8 წელი გავიდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მიღებიდან და არ მიღებულა გადაწყვეტილება რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენისა და ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე.
კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია მათი სარჩელი ხანდაზმულად, რადგანაც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით, ხოლო იმავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი.
აღნიშნულიდან გამოდინარე, კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც ამასთან დაკავშირებით, კასატორებს არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელეების მამა _ ვ. კ-ე დაპატიმრებულ იქნა 1937წ. 5 აპრილს და სამხედრო კოლეგიის 1937წ. 2 ოქტომბრის განაჩენით მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1938წ. 2 ოქტომბერს. ვ. კ-ე რეაბილიტირებულ იქნა 1957 წელს. მოსარჩელეთა დედა _ ნ. კ-ე-ს-ა დააპატიმრეს 1937წ. 4 ნოემბერს და სსრკ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს 1938წ. 2 იანვრის გადაწყვეტილებით გადაასახლეს ვორკუტაში, ხოლო 1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა და გარდაიცვალა 1991 წელს. დედის დაპატიმრებიდან თვენახევარში მცირეწლოვანი მოსარჩელეები, როგორც რეპრესირებული მშობლების შვილები, გააგზავნეს სტავროპოლის მხარეში, სპეციალურ ბავშვთა სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ორი წელი, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. და ი. კ-ები, აგრეთვე, მათი მშობლები აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ ქონებაზე სანივთო უფლების დასადასტურებლად საკმარისი არ არის მოწმეთა ჩვენება, არამედ აუცილებელია კანონით დადგენილი წერილობითი მტკიცებულებების არსებობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კერძოდ, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს, დედის დაპატიმრებისთანავე, ჩამოერთვათ ოროთახიანი ბინა და საოჯახო ნივთები.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ქონების ჩამორთმევით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი (მორალური) ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ნორმა “კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში” არ გულისხმობს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილ შემთხვევებს, კერძოდ, მე-18 მუხლის მოთხოვნებს და აქ იგულისხმება სხვა საკანონმდებლო აქტებიც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლის პირველ ნაწილს უკავშირდება “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც განიცადა რეპრესია და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობასა და გაცემის წესს ადგენს კანონი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული “კომპენსაცია” მოიცავს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს ნორმატიული აქტი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე, ხოლო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი არის სპეციალური კანონი, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა კ. და ი. კ-ების სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არსებითად კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების _ ი. და კ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.