ა-1892-ა-56-06 24 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ. ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1997 წლის აპრილში რეგისტრაციაში გატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ...“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ პარტნიორები – გ. ქ-ი, ნ. ო-ი, ს. ბ-ი, ნ. მ-ი; საზოგადოების დირექტორად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია გ. ქ-ი.
შპს “გ...ს” საკუთრებაში ირიცხებოდა თბილისში, ...-3-ის, 2მ/რ-ის, მე-6 კორპუსში მდებარე 207კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
შპს „გ...ს“ დირექტორმა გ. ქ-მა 1998 წლის 18 მაისს სანოტარო წესით დადასტურებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი (მაღაზია) გაასხვისა მ. ზ-ს სახელზე.
გ. ქ-მა 1999 წლის ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მას და მოპასუხე მ. ზ-ს შორის დადებული არასაცხოვრებელი ფართის (მაღაზიის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ლგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ისანი-სამ გორის რაიონული სასფამართლოს 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა შპს „გ...ს“ დირექტორ გ. ქ-სა და მ. ზ-ს შორის 1998 წლის 18 მაისს დადებული 207 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ქ-ს სარჩელი, თბილისში, …... -3-ის, მე-2 მ/რ-ის, მე-6 კორპუსში მდებარე 207 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ.ქ-ი არის შპს „გ...ს“ დირექტორი და ამავე საზოგადოების 85% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელმაც გამოხატა ნება სადავო ფართის გასხვისებაზე მის მიერ დადებული ხელშეკრულებით. პარტნიორთა კრების დადგენილება ქონების გასხვისებაზე არ იყო აუცილებელი, ვინაიდან კრების ჩატარების შემთხვევაშიც, დარჩენილი 15%-ის მქონე პარტნიორების ნება გავლენას ვერ მოახდენდა კრების შედეგებზე, ამასთან, ამ პარტნიორებს ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდიათ. სარჩელი აღძრა თვითონ დირექტორმა, რომელმაც ფართის გასხვისებაზე ნება გამოხატა.
2002 წლის 4 მარტს გ. ქ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინებით გ. ქ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2006 წლის 3 ნოემბერს გ. ქ-მა განცხადებით კვლავ მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ ნოტარიუსმა - ნ.გ-მა 1997 წლის 16 ოქტომბერს გაცემულ მინდობილობაში გააყალბა მინდობილობის შინაარსი.
ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 25 ივლისის დადგენილებით, მართალია, ნოტარიუსის მიმართ არ დაიწყო გამოძიება ხანდაზმულობის გამო, მაგრამ დადგინდა ფაქტი, რომ ნოტარიუსმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო ყალბია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, ამ მუხლის I ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
მოცემულ საქმეზე გ. ქ-ს არ წარმოუდგენია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება სადავო მინდობილობას. უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო ქონების გასხვისებისათვის საზოგადოების 15% წილის მფლობელი პარტნიორების თანხმობა არ იყო აუცილებელი. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროკურატურის დადგენილებით დადგინდა არა მარტო ნოტარიუსის, არამედ თავად განმცხადებლის გ.ქ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ მათ მიმართ არ დაიწყო გამოძიება ხანდაზმულობის გამო, ხოლო მოპასუხე მ.ზ-ს მხრიდან სადავო ფართის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოძიებით ვერ იქნა დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ-ს მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „გ...ს“ დირექტორ გ. ქ-ს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.