ას-2197-ა-61-06 22 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – მ. და ნ. ბ-ები
გასაჩივრებული განჩინება –საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მეუღლეებს, ლ. და ს. ბ-ებს საერთო საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ფოთი, ... ქ. ¹21-ში. ს. ბ-ა გარდაიცვალა 1985 წლის 1 აპრილს, ლ. ბ-ა გარდაიცვალა 1993 წლის 12 მარტს. მათ დარჩათ სამი შვილი ნ., გ. და მ. ბ-ები. მ. და ნ. ბ-ებმა 2000 წლის მარტში განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ოდავო წარმოების წესით მშობლების დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო ვადის გაგრძელება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების განცხადებები და გაუგრძელდათ მათი მშობლების ს. და ლ. ბ-ების დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ფოთი, ... ქ. ¹21-ში, მიღების ვადა.
2001 წლის 23 თებერვალს გ. ბ-ს მეუღლემ ე. ბ-მ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, ამავე სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც მოპასუხე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
2002 წლის 15 ივლისს, მოცემული საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეცა სენაკის რაიონულ სასამართლოს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ს განცხადება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 მარტის განჩინებით ე. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. და მ. ბ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განჩინება. გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინება. ე. ბ-ს განცხადება, საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.
ე. ბ-მ ამ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ე. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის განჩინება. ე. ბ-ს განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებები და ეს საქმეები არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
2004 წლის 18 თებერვალს მ. და ნ. ბ-ებმა ე. ბ-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს სასამართლოს, მათი მშობლების დანაშთ ქონების 1/3-1/3 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის და ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.
2000 წლის 19 აპრილს ე. ბ-მ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მ. და ნ. ბ-ების წინააღმდეგ, დასახელებული სამკვიდრო ქონებიდან მისი სამკვიდრო წილის გამოყოფის შესახებ.
ფოთს საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მას მიეკუთვნა სამკვიდრო სახლი მთლიანად და დაეკისრა მოპასუხეთა სასარგებლოდ ფულადი კომპესაციის გადახდა 3418,66 აშშ დოლარის ოდენობით.
ფოთს საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე მ. და ნ. ბ-ებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ფოთს საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. და ნ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებით მ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განჩინება. მ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს მ. და ნ. ბ-ებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს ჩაბარდათ 2006 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ. 277-278), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამოიწურა 2006 წლის 31 ოქტომბერს. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
2006 წლის 11 დეკემბერს მ. და ნ. ბ-ებმა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: მათ მიუთითეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდათ 2006 წლის 24 ოქტომბერს, რაც დასტურდება შპს “საქართველოს ფოსტის” ფოთის რეგიონალური ოფისის მიერ 2006 წლის 24 ნოემბერს გაცემული ¹79 ცნობით. როგორც ჩანს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ ბლანკზე ციფრი “4” ამოკითხული იქნა როგორც ციფრი “1”, ხელნაწერში ამ ციფრების ამსახველი ნიშნების ერთგვარი მსგავსების გამო. 2006 წლის 24 ოქტომბერს მიღებულ გზავნილზე. მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა 2006 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენად საფოსტო გზავნილი ჩააბარეს 2006 წლის 3 ნოემბერს, რომელიც უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 6 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო მ. და ნ. ბ-ების მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებელ მ. და ნ. ბ-ების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, კასატორების მიერ წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” ფოთის რეგიონალური ოფისის მიერ 2006 წლის 24 ნოემბერს გაცემული ¹79 ცნობა არ აბათილებს საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების გზავნილის დასტურს (ს.ფ. 278) იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება მ. და ნ. ბ-ებს ჩაბარდათ 21 ოქტომბერს. თუ კასატორი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილის დასტურს (ს.ფ. 278), ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. და ნ. ბ-ებმა ვერ დაადასტურეს, რომ მათ სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში შეავსეს ხარვეზი, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და ნ. ბ-ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.