Facebook Twitter

№699აპ-17 17 მაისი, 2018 წელი

დ. მ., 699აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. დ., – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. დ-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· მ. დ-ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13-მე-15, 24-ე მუხლების, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლებისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოდან რ-ის ფ-ში გასამგზავრებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაეკვეთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ, საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, სადაც უნდა გაევლო საპასპორტო კონტროლი, რა დროსაც მის პასპორტში აღინიშნებოდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თარიღი. ნაცვლად ამისა, 2015 წლის ნოემბერში მ. დ-მა გადაწყვიტა, ყაჩაღობისათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უმოკლესი გზით, ა-ის ა. რ-ის ტერიტორიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთა და რ-ის ფ-ში გადასულიყო. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ნოემბერში მ. დ-მა ა-ის ა. რ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ფ–ს სასაზღვრო გამტარი პუნქტი და შევიდა რ-ის ფ-ში.

· 2016 წლის 12 ნოემბერს მ. დ. რ-ის ფ-ის ქალაქ ა-დან დეპორტირებულ იქნა ს-ის საჰაერო ხომალდით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც საპასპორტო კონტროლის პროცესში ამხილეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ ბორის კვარაცხელიას სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ბორის კვარაცხელია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. დ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მ. დ. დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პროკურორის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენის დასაბუთებას იმ ნაწილში, რომ არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა მ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და მტკიცებულებათა საკმარისობის თვალსაზრისით, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, კერძოდ:

3. მოწმე შ. გ-ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს, როდესაც ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორის სამსახურებრივ მოვალეობას, სტამბული-თბილისის რეისით თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა მ. დ., რომლის მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე საპასპორტო კონტროლის გავლისას გაირკვა, რომ მ. დ-ს არ უფიქსირდებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და იგი იძებნებოდა. ამასთან დაკავშირებით, მ. დ-მა განმარტა, რომ მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა კონტროლის გაუვლელად. ეს ინფორმაცია შ. გ-მა მიაწოდა საგამოძიებო სამსახურს.

4. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა ქ. ხ-ამ ისაუბრა მ. დ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა შეკრება-მოპოვებისა და მათი ავთენტურობის შესახებ. მან განმარტა, რომ მ. დ-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ა-ის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით უკანონოდ გადაკვეთისა და შემდგომ მისი რ-იდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია მან მიიღო თავად ბრალდებულისაგან.

5. საქმეში მოთავსებულია საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს ამონაწერი კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებიდან, რომლის მიხედვით, მ. დ-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფის გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაკვეთა 2014 წლის 23 მარტს, ხოლო საქართველოში იმავე გამტარი პუნქტის მეშვეობით დაბრუნდა 2014 წლის 28 მარტს. ამავე ამონაწერით მ. დ-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2016 წლის 12 ნოემბერს თბილისის აეროპორტის მეშვეობით, სადაც ის დააკავეს.

6. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის თანხმობით გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმად, 2014 წელს ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული მ. დ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, სამეგრელოდან ფეხით გადავიდა ა-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი ა-დან ტყის გავლით გადავიდა რ-ის ფ-ში. ქ. მ-ში ის დააკავეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, 2016 წლის თებერვალში გაასამართლეს, სასჯელის სახით დააკისრეს ჯარიმა – 20000 -- და გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მ. დ. კიდევ რამდენჯერმე დააკავეს რ-ის სხვადასხვა ქალაქში. ბოლოს ის დააკავეს ქ. ა-ში, რომლის სადეპორტაციო ზონაში იმყოფებოდა 5 თვის განმავლობაში. 2016 წლის 11 ნოემბერს მან შეიძინა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი და დეპორტაციის სამსახურმა გამოამგზავრა საქართველოში შესაბამისი საბუთებით. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მ. დ. დააკავა სასაზღვრო პოლიციამ, ვინაიდან იგი იძებნებოდა 2014 წელს ჩადენილი ყაჩაღობისათვის და უკანონოდ ჰქონდა გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

7. მ. დ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის დროს აჩვენა, რომ ის, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, „მოიპარეს“, აარიდეს მოსალოდნელ სასჯელს და გადაიყვანეს ა-ში, საიდანაც, იმის შიშით, რომ აფხაზებს არ მოეკლათ, გაიქცა რ-ში. აღნიშნული ჩვენებით, მ. დ-მა, ფაქტობრივად, აღიარა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი.

8. რაც შეეხება ერთი ქმედებისათვის ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განაჩენისა და საკასაციო საჩივრის მსჯელობებს იმასთან დაკავშირებით, რომ რ-ის ფ-ის სასამართლოს მიერ მ. დ-ს მსჯავრდების დამადასტურებელი განაჩენი დაცვის მხარეს საქმის სასამართლო განხილვისას არ წარმოუდგენია (საქმეში არსებობს მხოლოდ ინფორმაცია საზღვრის უკანონო კვეთისათვის მისი დაკავების შესახებ), თუმცა ამ მსჯავრდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში რომც არსებობდეს, აღნიშნული მაინც არ ჩაითვლება ერთი ქმედებისათვის ორჯერ მსჯავრდებად, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გასამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „არავის მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდადებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად“.

9. აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართებით. განმეორებით სასჯელებთან დაკავშირებული საჩივრები, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, კონვენციურმა ორგანოებმა დაუშვებლად ცნეს. მაგ.: საქმეებში – გესტრა იტალიის წინააღმდეგ[1] და ამროლაჰი დანიის წინააღმდეგ[2] სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული საჩივრები და მიუთითა, რომ კონვენცია ne bis in idem (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა) პრინციპს არ უზრუნველყოფს, როდესაც ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირს განმეორებითი მსჯავრი შეიძლება დაედოს სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლოების მიერ. საქმის ბარაგიოლა შვეიცარიის წინააღმდეგ3 განხილვისას კომისიამ დაადგინა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem-ის პრინციპი მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა პირი გასამართლებული ან დასჯილი იყო ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ერთი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ.

10. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. დ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედება.

11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მ. დ-ს პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ისე განუსაზღვრავს მას სამართლიან სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი.

3. მ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ. დ-ს განაჩენთა ერთბლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი და 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან – 2018 წლის 17 მაისიდან.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] Gestra v. Italy, 21072/92, 16 ianvari, 1995 (komisiis ganCineba)

[2] Amrollahi v. Denmark, 56811/00, 2001 wlis ganCineba.

3 Baragiola v. Switzerland, 17265/90, 21 oqtomberi, 1993.