Facebook Twitter

¹ა-556-ა-23-07 5 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – მ. მ-ე

მოწინააღმდეგელ მხარე – ბ. გ-ა

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და მოწინააღმდეგე მხარის ზუსტი მისამართის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მას ჩაბარდა 2005 წლის 28 დეკემბერს.

2006 წლის 13 იანვარს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფელება, რაც არ დაკმაყოფილდა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით მ.მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

2006 წლის 3 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება, მაგრამ ხარვეზი არ გამოასწორა, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც საკასაციო პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ.მ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

მ. მ-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მას ჩაბარდა 2006 წლის 17 თებერვალს და მას არ გაუშვია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, რადგან საკასაციო პალატას განცხადებით მიმართა 2006 წლის 27 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მ. მ-ის განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორმა ვადაში მიმართა სასამართლოს განცხადებით, მაგრამ მან ხარვეზი არ გამოასწორა, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, მ.მ-ის განცხადება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ გამოიწვევდა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებაა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები სსსკ-ის 423-ე მუხლში ამომწურავადაა განსაზღვრული და მათი წრის გაფართოება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დაუსაბუთებლობის საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.