Facebook Twitter

ა-332-ა-24-07 20 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებლი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – შპს “-- -- --” E (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა

განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების ბათილად ცნობა

A

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს „-- -- --“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 1973 წლის 4 დეკემბერს სამუშაოდ დაინიშნა ქუთაისის გაერთიანებულ .. .. (ამჟამად შპს „-- -- --“) გადაზიდვის სამსახურში შემნახველი საკნის მორიგის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. 1983 წლის 20 დეკემბერს გადაიყვანეს ბარგის მიმღებ-ჩამბარებლად, სადაც მუშაობდა 2006 წლის 14 იანვრამდე და მისი ხელფასი შეადგენდა 90 ლარს. 2006 წლის 13 იანვარს შპს „.. ..“ ადმინისტრაციამ შტატების შემცირების მოტივით გაათავისუფლა სამუშაოდან.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ იგი სამუშაოდან უკანონოდ გაათავისუფლეს. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მიიღო საპატიო სიგელი, გამოცხადებული აქვს მადლობა, ამასთან, მისი შტატი, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ გაუქმდება.

გ. ს-მ მოითხოვა შპს „-- -- --“ გადაზიდვის სამსახურის ...ად აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ს-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ს-სა და მისი წარმომადგენლის - მ.გ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი აღდგენილ იქნა შპს „-- -- --“ გადაზიდვის სამსახურის ...ად და აუნაზღაურდა სამი თვის იძულებითი განაცდური 270 ლარის ოდენობით.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „-- -- --“ დირექტორმა ბ.ჭ-მ, სადაც მიუთითა, რომ სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ 2006 წლის 9 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით შპს „-- -- --“ ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, დირექტორის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში იმყოფებოდნენ დაუგეგმავ მივლინებაში, საქართველოში გაეროს მშვიდობიანი მისიის ოფისში. საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „-- -- --“ დირექტორ ბ.ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ -- -- --“ დირექტორმა ბ.ჭ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს „ -- -- -- “ დირექტორ ბ.ჭ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

შპს “-- -- --” დირექტორმა ბ.ჭ-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა. მან მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, 2006 წლის 14 დეკემბერს შპს “-- -- --” მიერ; ... ბანკის ქუთაისის ფილიალში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი კი ჩააბარეს უზენაეს სასამართლოს მისაღებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და თვლის, რომ შპს “-- -- --” განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს „ -- -- --“ დირექტორ ბ.ჭ-ს დაევალა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 80-81).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს „ -- -- --“ დირექტორ ბ.ჭ-ს (ს.ფ. 82). განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს (ს.ფ. 83). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2006 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ვინაიდან უზენაეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს “ -- -- --” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. შპს “ -- -- --” დირექტორმა ბ.ჭ-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: მან მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2006 წლის 14 დეკემბერს, ამის დასადასტურებლად წარმოადგინა სს “.. ..” მიერ გაცემული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. N მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2006 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ შპს “-- -- --” არ წარმოუდგენია სასამართლოში აღნიშნული ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ იქნა წარმოდგენილი, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სწორად დატოვა საკასაციო საჩივარი განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებელს იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად და, შესაბამისად, განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი განცხადებასთან ერთად ჩააბარა უზენაესი სასამართლოს მისაღებში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “-- -- --” ვერ დაადასტურა, რომ მან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შეავსო ხარვეზი. მან ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საპროცესო მოქმედება, რომელიც შპს “-- -- --” უნდა შეესრულებინა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, არ შესრულებულა. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “-- -- --” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს

2007 წლის 22 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ -- -- --“ დირექტორ ბ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული და არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, 431-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ -- -- --” დირექტორ ბ.ჭ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.