საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№703აპ-17 ქ. თბილისი
ბ. მ. 703აპ-17 25 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ბ–ს, - დაბადებულს 1-, - და ზ. ყ–ს, - დაბადებულს 1, - ბრალი დაედოთ ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ დ-ში, რ–ის ქ, კორპუს №–ში მდებარე დ-ს რაიონის №-- საარჩევნო ოლქის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ბ–მა და ზ. ყ–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, პ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მ. ბ. და ზ. ყ–ი გამართლდნენ საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა - 1500-1500 ლარი, რაც საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (16.06.2014 წლიდან -20.06.2014 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდათ 500-500 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა – 1000 – 1000 ლარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ 2014 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ დ-ში, რ–ის ქ, კორპუსის №–ში მდებარე №-- დ-ს საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში, მ. ბ–მა და ზ. ყ–მა, პ. მ–ზე ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად პ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გოჩა ჯანყარაშვილმა და ითხოვა მ. ბ-სა და ზ. ყ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მ. ბ-სა და ზ. ყ–ის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მათი ქმედებები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი. საკასაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მ. ბ-სა და ზ. ყ–ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილშიც, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე