საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№705აპ-17 ქ. თბილისი
ს. ი, 705აპ-17 25 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ს-ს, ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ი. ს-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ-ის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებით სხეულის არეში სცემა მასთან მუდმივად მცხოვრებ ზ. გ–––ს, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გულმკერდის მარცხენა, გვერდითა ზედაპირზე, სარძევე ჯირკვლის საპროექციო მიდამოში, მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ი. ს-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ-ის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, ფეხებით ფეხების არეში სცემა მასთან მუდმივად მცხოვრებ ზ. გ–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა ბარძაყისა და წვივის არეში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ი. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 8 მარტისა და 12 მარტის ეპიზოდები) და გამართლდა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვლადიმერ ურუმაშვილმა და ითხოვა გამართლებულ ი. ს-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ი. ს-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ი. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ი. ს-ის ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე