Facebook Twitter

ა-673-ა-28-07 23 მაისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – ა. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2007 წლის 10 აპრილს ა. გ-მ უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის საკასაციო წარმოების განახლება და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა 2007 წლის 5 აპრილს შედგენილ აუდიტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც სადავო სახლის ღირებულება აღემატება 50 000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და თვლის, რომ ა. გ-ის განცხადება საქმის საკასაციო წარმოების განახლებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან იგი შედგენილია უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განჩინების გამოტანის შემდეგ 2007 წლის 5 აპრილს, შესაბამისად, აუდიტის დასკვნა ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საქმის განხილვის დროს, 2007 წლის 26 მარტს, ვერ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოში. ამასთან, ა. გ-ს საკასაციო საჩივარში უნდა მიეთითებინა საკასაციო საჩივრის ღირებულებაზე და დაერთო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც თავისი ბრალით არ გააკეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო წარმოების განახლების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის განცხადება საკასაციო წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.