Facebook Twitter

ა-443-ა-29-07 28 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ა. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “-- -- --” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო კომპენსაციის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „-- -- --“ მიმართ სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო კომპენსაციის გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ღ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ა.ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ღ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ა.ღ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: 2007 წლის 26 თებერვალს ა.ღ-სა და სს “-- -- --” შორის სხვა დავის განხილვისას მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა ა.ღ-ს შრომის წიგნაკი. ამდენად, მოცემული დავის განხილვისას შრომის წიგნაკის წარდგენა გამოიწვევდა ა.ღ-სათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავისი ბრალის გარეშე ვერ წარადგინა დროულად სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემობეათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, ამასთან, ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ იყო.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დავა ეხება ა. ღ-ს სამუშაოდან დათხოვნის დღეს მისთვის სს “-- -- --” მიერ შრომის წიგნაკის გაუცემლობასა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო კომპენსაციის გადახდას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ 2007 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე სს “-- -- --” მიერ სადავო შრომის წიგნაკის წარდგენამდე მისთვის აღნიშნული დოკუმენტის არსებობის ფაქტი ცნობილი არ იყო, რის გამოც იგი მხარემ მოცემული საქმის განხილვისას თავისი ბრალის გარეშე ვერ წარმოადგინა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. ღ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის წიგნაკის გაცემა მოპასუხის ბრალით არ დაყოვნებულა და მოსარჩელეს შრომის წიგნაკის მისაღებად სს “-- -- --” არ მიუმართავს.

ასევე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ა. ღ-ს არგუმენტი, რომ მოპასუხის მიერ სადავო შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების მიზეზის არცოდნის გამო იგი ვერ მიუთითებდა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა შესწავლისა და შრომის წიგნაკის დროულად, საქმის განხილვისას სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.