Facebook Twitter

ა-588-ა-30-07 10 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ი...ა “ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი...ს“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასისა და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ღ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

მ. ღ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადასახდელად. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილითა და განცხადებით ირკვევა, რომ მხარემ ხარვეზის განჩინება ჩაიბარა 2007 წლის 26 აპრილს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. მ.ღ-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რის გამოც სასამართლო ხარჯების დაფარვის საშუალება არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მ. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან მისი გადადების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონი ითვალისწინებენ რა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას, მის შემცირებასა და გადადებას, აღნიშნულს უკავშირებენ ისეთი გარემოების არსებობას, რომელიც სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას შეიძლება საფუძვლად დაედოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მ.ღ-მა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 47-ე, 48-ე და 49-ე მუხლებითა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადადების ან შემცირების საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც ამ თავშია დადგენილი. ამასთან, ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში მ. ღ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მისი გამოსწორება, რაც განცხადებელს არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.