¹ა-765-ა-31-07 25 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ,
მოსამართლე: როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
რ. ბ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-427-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება არ არის საკასაციო სასამართლოს განსჯადი, გადაწყვეტილება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.