ას-1046-ა-33-07 14 ნოემბერი, 2007 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – შპს “თ..ის” დირექტორი ა. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს “ს..მ” და შპს “მ..”-მა შპს “თ..ის” მიმართ 2005 წლის 27 ივნისს მათ შორის სამომავლოდ წილის დათმობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
შპს “თ..მა ასევე აღძრა სარჩელი შპს “ს..სა” და შპს “მ..”-ის მიმართ 2005 წლის 27 ივნისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხის მიერ შპს “ს..ში” საწესდებო კაპიტალის კუთვნილი წილის 66 %-ის გადაფორმების (დათმობის) შესახებ.
შპს “თ..ის” დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე სარჩელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.
შპს “ს..სა” და შპს “მ..”-ის სასარჩელო განცხადება შპს “თ..ის” მიმართ მდგომარეობს შემდეგში: 2004 წლის 30 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს “თ..ს” 49 წლიანი იჯარით გადაეცა შპს “ს..ს” საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო დახლები და სათავსოები. შპს “თ..მა” არ გადაიხადა საიჯარო ქირა და საიჯარო ტერიტორიაზე დაიწყო ნაგებობის მშენებლობა. 2004 წლის 17 სექტემბრიდან შპს “ს..ს” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ხელშეკრულება იქნა მოშლილი, რაც მრავალჯერად ეცნობა შპს “თ..ს”, რაზეც მისი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. იმისათვის, რომ შპს “ს..ს” ხელი არ შეშლოდა მუშაობაში 2005 წლის 23 ივნისს სანოტარო წესით დადეს პირობა (ხელშეკრულება), რომ თუ დროულად გამოანთავისუფლებდა დაკავებულ ტერიტორიას და ხელს არ შეუშლიდა შპს “ს..ს” სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების შეგროვებაში, სანაცვლოდ შპს “მ..” თავის კუთვნილ 66% წილს შპს “ს..ში” სასყიდლის გარეშე გადასცემდა შპს “თ..ს”, რითაც იგი დაიკავებდა შპს “მ..”-ის ადგილს შპს “ს..ში”. მიუხედავად ასეთი დათქმისა შპს “თ..ს” დღემდე არ გაუნთავისუფლებია საიჯაროდ გადაცემული ქონება, არ გადის შპს “ს..ს” კუთვნილი ტერიტორიიდან, რითაც არ შეასრულა 2005 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც უნდა გაუქმდეს სამომავლოდ წილის დათმობის ხელშეკრულება.
შპს “თ..ის” სასარჩელო განცხადება მდგომარეობს შემდეგში: შპს “ს..ს” შპს “მ..”-სა შპს “თ..ს” შორის 2005 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება. შპს “ს..ს” საკუთებაში იმყოფება ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹122-ში მდებარე 5000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც 2004 წლის 30 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებით ღია ტიპის ბაზრობის ფუნქციონირებისათვის აიღო შპს “თ..მა”. 2005 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით შპს “ს..მ” ივალდებულა, რომ აწარმოებდა სილიკომანგანუმის ქერქულის ნარჩენების მოპოვებას და შპს “თ..ს” ხელი არ უნდა შეეშალა , შპს “ს..ს” პარტნიორი შპს “მ..” კისრულობს საწესდებო კაპიტალის 66% წილის შპს თ..ისათვის” უსასყიდლოდ გადაცემას (დათმობას) მოპოვებით სამუშაოთა დამთავრების შემდეგ და შპს “თ..ი” დაიკავებდა შპს “მ..”-ის ადგილს შპს “ს..ში”. შპს “მ..”-ის მიერ წილის გადაცემა უნდა მომხდარიყო შპს “ს..ს” კუთვნილ 5000 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე მოპოვებითი სამუშაოების და საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ. საანგარიშო წელი დამთავრდა 2005 წლის დეკემბერს, შპს “მ..”-მა შპს “ს..ს” კუთვნილ ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოები დაამთავრა, თუმცა თავის კუთვნილი 66% წილის გადაცემაზე აცხადებს უარს გაურკვეველი მიზეზით. შპს “მ..” სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვებისათვის შპს “დ...”-ზე წიაღით სარგებლობის ¹0531 და ¹0567 ლიცენზიები 2005 წლის 26 სექტემბრის ¹384 ბრძანებით გაუქმდა. სასარჩელო მოთხოვნა 2005 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით შპს “მ..” მიერ შპს “თ..ისათვის” გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება გადასცეს შპს “ს..ში” 100%-იან წილში მისი კუთვნილი 66% და შპს “ს..ში” მითითებული წილის ოდენობით პარტნიორად შესვლა.
შპს “თ..მა” როგორც მოპასუხემ შპს “ს..სა” და შპს “მ..”-ის სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი, ხოლო შპს “მ..”-მა როგორც მოპასუხემ შპს “თ..ის” სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე შპს “ს..ს”დირექტორი დაეთანხმა თავისი და შპს “მ..”-ის სასარჩელო განცხადებას, არ ცნო შპს “თ..ის” სასარჩელო განცხადება და განმარტა, რომ შპს “ს..მ” და შპს “მ..”-მა 2005 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება დადეს შპს “თ..თან” არა კეთილი ნების გამო, არამედ იმის გამო, რომ არ შეეფერხებინა მისთვის სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის ამოღება. შპს “თ..მა” ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა არ შეასრულა, არ მოახდინა იჯარით გადაცემული ქონების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გასვლა, რითაც ხელი შეეშალა შპს “ს..ს” დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთზე ქერქული ნარჩენების გამოღებაში.
მოსარჩელემ შპს “მ..”-ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს “ს..”-სა და მარწმუნებელი საზოგადოების სარჩელს, არ ცნო შპს “თ..ის” სასარჩელო განცხადება.
შპს “თ..ის დირექტორი დაეთანხმა თავის სასარჩელო მოთხოვნას, არ ცნო შპს “ს..სა” და შპს “მ..”-ის სარჩელი იმაზე მითითებით, რომ მან 2005 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა თავისი ვალდებულება, გამოანთავისუფლა ის ტერიტორია, რაზეც სამუშაოს აწარმოებდა შპს “ს..” და იგი მოპოვებით სამუშაოებს ვერ აწარმოებს მისივე ბრალით, კერძოდ, ... სამინისტრომ შპს “ს..ს” და მოპოვებით სამუშაოებში მის პარტნიორს შპს “დ...”-ს გაუუქმა სათანადო ლიცენზია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “თ..ის” სასარჩელო განცხადებას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ეთქვა უარი. შპს “ს..სა” და შპს “მ..”-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს “ს..ს”, შპს “მ..”-სა და შპს “თ..ს” შორის 2005 წლის 27 ივნისს დადებული ხელშეკრულება სამომავლოდ წილის დათმობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ..ის” დირექტორმა ა. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს “თ..ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ..ის” დირექტორმა ა. მ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. Aაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და შპს “თ..ის”დირექტორს ა. მ-ს ჩაბარდა 2007 წლის 4 მაისს. (ს.ფ. 287-288). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 14 მაისს. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
2007 წლის 5 ივნისს შპს “თ..ის” დირექტორმა ა. მ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმება და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულ ვადაში შევსებული იყო ხარვეზი, კერძოდ 2007 წლის 4 მაისს გზავნილი 1712/10-ის სახით, ჩაბარდა საქართველოს სახალხო ბანკის ზესტაფონის ფილიალის მმართველს, ხოლო შპს “თ..ის” ხელმძღვანელობას 2007 წლის 7 მაისს. სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადად მიცემული ჰქონდათ 10 დღე, განჩინების ჩაბარებიდან მათი ვადის ათვლა დაიწყო 7 მაისიდან, 2007 წლის 16 მაისს, ე.ი. 9 დღეში მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო და განცხადებასთან ერთად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები.
განმცხადებელი განჩინების გაუქმების და წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ 2007 წლის 4 მაისს გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სახალხო ბანკის ზესტაფონის ფილიალის მმართველს, ხოლო შპს “თ..ის” ხელმძღვანელობას 2007 წლის 7 მაისს. სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადად მიცემული ჰქონდათ 10 დღე, განჩინების ჩაბარებიდან მათი ვადის ათვლა დაიწყო 7 მაისიდან. 2007 წლის 16 მაისს, ე.ი. 9 დღეში მათ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და განცხადებასთან ერთად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ... ბანკის ზესტაფონის ფილიალის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ შპს “თ..ის” მისამართი იყო მინიშნებული არა სწორად. შპს “თ..ი” მდებარეობს ... ქუჩაზე, ხოლო კონვერტზე მითითებული იყო შპს “თ..ის” დირექტორის საცხოვრებელი მისამართი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა უზენაესი სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და იგი ჩაბარდა შპს “თ..ის” დირექტორს ა. მ-ს პირადად 2007 წლის 4 მაისს (ს.ფ.287-288). შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა ამა წლის 14 მაისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებელ შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ შპს ,, თ..ის” ხელმძღვანელობას ჩაბარდა 2007 წლის 7 მაისს და ხარვეზის შევსების ვადა იწურებოდა ამა წლის 16 მაისს. საკასაციო პალატის განჩინება გაგზავნილი იყო მხოლოდ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. ზესტაფონი, ... ქ. ¹.3, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2007 წლის 4 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა არ შეავსო ხარვეზი. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორად იქნა დატოვებული შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “თ..ის” დირექტორმა ა. მ-მ ვერ დაადასტურა, რომ მათ სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში შეავსეს ხარვეზი, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “თ..ის” დირექტორის ა. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.