ა-1079-ა-34-07 3 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ დ. ჩ-ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. და ა. შ-ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინებით დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი ჯ. და ა. შ-ების მიმართ არ დაკმაყოფილდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დ.ჩ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელი.
დ. ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა. ი-ის განცხადება დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
დ.ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ კვლავ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დ. ჩ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება გაუქმდა, განახლდა საქმის წარმოება დ. ჩ-ს განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა. ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დ. ჩ-ს წარმომადგენელმა მ. მ-მა მოითხოვა 2007 წლის 10 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლი, როდესაც დ.ჩ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილა ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან კანონმდებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვისათვის იმპერატიულად აწესებს ზეპირ განხილვას. სასამართლომ დ.ჩ-ს განცხადება საკასაციო პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ს წარმომადგენელ მ. მ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მხარის ან, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის საქმის ზეპირ განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მოუწვევლობა. ამდენად, დასახელებული მუხლი არეგულირებს საქმის მხოლოდ ზეპირი განხილვისას მხარის დაუბარებლობის სამართლებრივ შედეგს და მისი მოქმედება მხარეთა დაუსწრებლად საქმის განხილვაზე ვერ გავრცელდება.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, რაც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ მხარისათვის შეუტყობინებლობისას კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ასევე უსაფუძვლოა დ.ჩ-ს წარმომადგენელ მ.მ-ს მოსაზრება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დ.ჩ-ს განცხადება განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის დარღვევით, ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია საკასაციო პალატის 2007 წლის არა 19 ივნისის, არამედ 10 ოქტომბრის განჩინება, ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვისას არსებული შესაძლო საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამასთან, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლი ითვალისწინებს განცხადების განხილვის ზეპირ ფორმას, თუმცა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჩ-ს წარმომადგენელ მ.მ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.