საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№716აპ-17 ქ. თბილისი
რ. გ., 716აპ-17 21 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით გ. რ. ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რამაც შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 ივლისიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. რ-–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 ივლისიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. რ–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,1592 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 20 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი, რასაც უკანონოდ ინახავდა სხეულში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 7 ივლისს გ. რ-სათვის შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. რ–მა და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მოწმეების – ჯ. ტ–ს, კ. წ–ის, ვ. ჩ–ის, ო. ქ–ის ჩვენებებით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 8 ივლისის №--- დასკვნით, თავად გ. რ-ს ჩვენებითა და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული გ. რ-ს ბრალეულობა.
7. კასატორი ითხოვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით ჩაბარება არ მომხდარა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი არ მიდიოდა სამართალდამცავ ორგანოში ნარკოტიკული საშუალების წარსადგენად. შესაბამისად, მის მიერ ნარკოტიკის ადგილსამყოფლის დასახელება მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება, წარმოადგენს გამოძიებასთან თანამშრომლობას და არა – ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით ჩაბარებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე