Facebook Twitter

¹ა-1596-ა-43-07 12 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – მ. მ-ე

წარმომადგენელი _ ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ე

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ისა და გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ისა და გ. ზ-ის სარჩელები საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2007 წლის 25 სექტემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. კ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა 2007 წლის 17 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა და არქივიდან მოპოვებული მასალები, რომლითაც, განმცხადებლის აზრით, დასტურდება, ქ. ქუთაისში, ... ქ.¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მხარეები ცხოვრობენ არ მიეკუთვნება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს.

განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მრავალბიანიან სახლებში საერთო საკუთრებიდან ფართის გამოყოფის შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოსთვის მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იქნებოდა.

აღნიშნულის გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ექსპერტის დასკვნა და არქივიდან ამოღებული მასალა ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ექსპერტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელ სახლში არსებული ბინები არ პასუხობს სამშენებლო ნორმებს, ანუ ექსპერტის დასკვნა ადასტურებს, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ბინაა. ასევე, ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობისაა. არქივიდან წარმოდგენილი საბუთებითაც არ დასტურდება, რომ სადავო სახლი ერთი ბინისაგან შედგება. ამასთან, მრავლაბინიანი სახლის ცნებას განმარტავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი, კერძოდ, ამ კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიანი სახლი, ეს არის სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და განმცხადებელიც არ უარყოფს, რომ სადავო სახლი სამი ინდივიდუალური ბინისაგან შედგება.

აღნიშნულის გარდა, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები კიდეც რომ დასტურდებოდეს, მ. მ-ის წარმომადგენელ ლ. კ-ის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და არქივიდან ამოღებული მასალა ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვაინაიდან ამ დოკუმენტთა მოპოვება შესაძლებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მ. მ-ს სასამართლოში საქმის განხილვამდე შეეძლო მიემართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურისათვის და მიეღო მითითებული დასკვნა, ასევე, არქივიდან ამოღებული დოკუმენტები, განმცხადებელს შეეძლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოეპოვებინა და წარმოედგინა ან სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ საქმის განხილვის დროს მიეთითებინა, რაც მას არ გაუკეთებია, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომაც დაადგინა, რომ სადავო სახლი იყო მრავალბინიანი, მაგრამ, აღნიშნული მ. მ-ს სადავოდ არ გაუხდია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის წარმომადგენელ ლ. კ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.