ა-1230-ა-44-07 5 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექცია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “...მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს საზოგადოების გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა.
საწარმოს კრედიტორთა კრებაზე საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციამ მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს განჩინება ... ინსპექციამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი, რაზეც საქართველოს ... სამინისტროს საგადასახადო ... ქუთაისის ... ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 15 მაისს, ხოლო კერძო საჩივარზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო ბეჭდით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 29 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინების ასლი ინსპექციის წარმომადენელს ჩაბარდა ამავე წლის 15 მაისს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მეორე ნაწილების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 16 მაისიდან. წარმოდგენილი კერძო საჩივარი შეტანილია 2007 წლის არა 29, არამედ 28 მაისს, მითითებული ვადის ბოლო დღეს, კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული გარემოება დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის ¹... ცნობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის კერძო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად განმცხადებელი მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის ¹... ცნობით დადასტურებულ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციამ სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიატანა 2007 წლის 28 მაისს, რაც, თავის მხრივ, მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანის ვადის დაცვაზე მიუთითებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის კერძო საჩივარს დაუშვებლად არ მიიჩნევდა, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული ცნობაში ასახული ინფორმაცია ცნობილი რომ ყოფილიყო, კერძოდ, დასახელებული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებისას საკასაციო სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საკასაციო პალატამ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვალა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების _ 2007 წლის 15 მაისის მომდევნო დღიდან, ვადის ათვლა დასრულდა მე-12 დღეს, ამავე წლის 28 მაისს, ხოლო საქმის მასალების თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 29 მაისს, მითითებული ვადის დარღვევით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ¹... ცნობა ადასტურებს, რომ ქუთაისის ... ინსპექციის უფროს კ. ჭ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 28 მაისს და გატარდა პირველადი რეგისტრაციის ჟურნალში ¹... ნომრით, ხოლო სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის ჟურნალში გატარებულია 2007 წლის 29 მაისს ¹... სარეგისტრაციო ნომრით.
ამდენად, წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
“გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნას საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი წესით და მიღებულ იქნას წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინება და მოცემულ საქმეზე წარმოება განახლდეს.
საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის კერძო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.